პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარს ამბობს საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ჩაერთვება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა ბრიფინგი 12 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართა.

“საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემოთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ, ვფიქრობთ, არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვის დემოკრატიულ წესს და არ არის ორიენტირებული ფართო კონსენსუსის მიღწევაზე. უფრო მეტიც, აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნული და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან. თუმცა, ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ავამუშავებთ ამ თვალსაზრისით არსებულ ერთადერთ საკონსტიტუციო ნორმას – კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო, სახალხო განხილვას,”- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მიმდინარე კვირაში პარლამენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ იმსჯელებს. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიურომ დღეს, 12 დეკემბერს დაარეგისტრირა.

დადგენილების პროექტის მიხედვით, კომისიის პერსონალურ შემადგენლობას პარლამენტის თავმჯდომარე დაამტკიცებს. კომისიის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარე; ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი წარმომადგენლები, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს; ასევე, იმ პარტიების თითო წარმომადგენელი, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ ხმების 3% მაინც მიიღეს;

კომისიაში, პროექტის თანახმად, ასევე უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ორი წარმომადგენელი; მთავრობის ორი წარმომადგენელი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები; საქართველოს სახალხო დამცველი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; გენერალური აუდიტორი; უშიშროების საბჭოს მდივანი; ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დადგენილების პროექტის მიხედვით, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განსაზღვრავს, თუმცა არაფერია ნათქვამი შერჩევის კრიტერიუმებზე.

დადგენილების თანახმად, “ქართულ ოცნებას” კომისიაში 23 წევრი ეყოლება, “ნაციონალურ მოძრაობას” – 6 წევრი; ხოლო “პატრიოტთა ალიანსს” – 1 წევრი.

კომისია უფლებამოსილია მოამზადოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი; ხოლო მისი თანამდებობის პირები კომისიის თავმჯდომარე და მდივანი არიან.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, კომისია მიმდინარე წელს დაკომპლექტდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი