ახალი ამბებისაზოგადოება

გრიპის გავრცელება გაიზარდა – NCDC-ის რჩევები დაავადების თავიდან ასაცილებლად

12 დეკემბერი, 2016 • 4132
გრიპის გავრცელება გაიზარდა – NCDC-ის რჩევები დაავადების თავიდან ასაცილებლად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გრიპისმაგვარი დაავადებების (ILI) და მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) გავრცელება საქართველოში გასულ წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით მომატებულია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, ახლა გრიპის სეზონური გავრცელების მატების პერიოდია, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო არაა. ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ერთი სახეობა, H3-ია გავრცელებული, რომელიც ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს იწვევს.

გრიპის სეზონად ოქტომბრის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე  პერიოდი ითვლება. 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ყოველ 100 000 მოსახლეზე გრიპისმაგვარი დაავადებების (ILI) 295 შემთხვევა გამოვლინდა. გასულ წელს კი ეს რიცხვი 196,2 იყო.

მომატებულია საერთო ჰოსპიტალიზაციაში მწვავე რესპირატორული დაავადებებით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პროცენტული წილიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემით, რომელიც 2016 წლის ამავე პერიოდს  ასახავს, მწვავე რესპირატორული დაავადებებით (SARI) ჰოსპიტალიზებული პაციენტების 14,9 პროცენტი იყო. 2015-16 წლის სეზონზე კი, ამავე პერიოდში, ამ მიზეზით საავადმყოფოებში პაციენტების 11,3 პროცენტი მკურნალობდა.

გრიპისმაგვარი დაავადებებისა (ILI)და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციები (SARI) 2014-15; 2015-16; 2016-2017 წლების სეზონი საყრდენი ბაზების მიხედვით***. (სვეტებით მოცემულია ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები*) სტატისტიკა: დაავადებათა კონტროლის ცენტრი

გრიპისმაგვარი დაავადებებისა (ILI)და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციები (SARI) 2014-15; 2015-16; 2016-2017 წლების სეზონი საყრდენი ბაზების მიხედვით. (სვეტებით მოცემულია ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები) სტატისტიკა: დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გრიპის სეზონის გამო ქვეყნის მასშტაბით არც ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხებული არაა. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად გაცდენების შემთხვევები მატულობს, თუმცა ამ დროისთვის, მათი ინფორმაციით, რაიმე თვალსაჩინო კლება ამ კუთხით არ შეინიშნება. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, სააგენტოში ამბობენ, რომ ბაღების ტერიტორიის დეზინფექცია გრიპის სეზონის დაწყებისთანავე რეგულარულად ხდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ ცენტრის რეკომენდაციები გრიპით დაავადების თავიდან ასაცილებლად:

  • გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია!
  • განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა – მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!
  • როგორც ჯანმრთელებმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით;
  • დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;
  •  ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა – მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ.
  • იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

მასალების გადაბეჭდვის წესი