ახალი ამბები

EUMM-ის მანდატი 2 წლით გახანგრძლივდა

12 დეკემბერი, 2016 • 10934
EUMM-ის მანდატი 2 წლით გახანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატი 2 წლით, 2018 წლამდე გახანგრძლივდა. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში მისია 18 მილიონი ევროთი დაფინანსდება.

მისიის მთავარი ოფისი თბილისში მდებარეობს, თუმცა მას წარმომადგენლები ჰყავს გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიამ მუშაობა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. მას ამჟამად კესტუტის იანკაუსკასი ხელმძღვანელობს.

“ჩვენ ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ვართ. ჩვენი მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა.

ჩვენი პრიორიტეტებია:

• საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა;
•აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა;
• კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა;
• საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.

მას შემდეგ, რაც მისიამ საქმიანობა დაიწყო, ის ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. ჩვენი სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში.
ჩვენი მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ გვაძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას”, – ნათქვამია მისიის ვებვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი