ახალი ამბები

ირმა ინაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრი იქნება

12 დეკემბერი, 2016 • 5133
ირმა ინაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრი იქნება

“პატრიოტთა ალიანსის ” ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრი იქნება. ამის შესახებ მან დღეს, 12 დეკემბერს, ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა.

ირმა ინაშვილის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციამ იმსჯელა და ირმა ინაშვილის წარდგენა გადაწყვიტა:

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მონაწილეობა ნდობის ჯგუფში. დღეს მოვისმინე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეისწავლოს ნდობის ჯგუფის ყველა კანდიდატის კონტაქტები, ბიოგრაფია და ა.შ. რომ გაირკვეს, რამდენად სანდოა, ესა თუ ის კანდიდატი იყოს ჯგუფის წევრი. მივესალმები ამას, მზად ვარ შემისწავლონ, მაგრამ ასევე შეისწავლონ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების კონტაქტები, მათი გადაადგილება, რუსეთთან კონტაქტები და მერე გაირკვევა, ვინ არის რუსეთის აგენტი და ვინ არა,” – აღნიშნა ინაშვილმა.

ნდობის ჯგუფი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება.

ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.

საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. ეს ნიშნავს, რომ ნდობის ჯგუფის წევრის ასარჩევად პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა არ გაიმართება.

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენამდე ნდობის ჯგუფის წევრად დასახელებული პირი შემოწმებას გადის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

“სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემა ითვალისწინებს:  ა) პირის მიერ „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენას;  ბ) პირის შემოწმების პროცედურას;   გ) პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებას;   დ) პირის თანხმობას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე;   ე) ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას.

 

ნდობის ჯგუფის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ  სპეციალურ პროგრამებსა და საიდუმლო საქმიანობას, ნდობის ჯგუფს წელიწადში არანაკლებ ერთჯერ წარუდგენენ მოხსენებებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

ამასთან,  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს.

ხოლო  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე, წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საიდუმლო საქმიანობის შესახებ.

სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შემთხვევაში ნდობის ჯგუფის წევრები და მისი აპარატის თანამშრომლები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვით, ნდობის ჯგუფის წევრს კენჭისყრა არ სჭირდება, 2014 წლიდან მოქმედებს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით წინა მოწვევის პარლამენტს ირაკლი სესიაშვილმა მიმართა. მაშინ  მმართველ გუნდს არ სურდა, ნდობის ჯგუფში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გივი თარგამაძე ყოფილიყო. ცვლილებების განხორციელებამდე მოქმედი ნორმით, საქართველოს პარლამენტი ნდობის ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებდა დადგენილებით. კენჭისყრა ტარდებოდა პერსონალურად. თუ პარლამენტი რომელიმე კანდიდატს არ დაამტკიცებდა, მაშინ შესაბამის საპარალამენტო სუბიექტს სხვა კანდიდატი უნდა წარედგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი