ახალი ამბები

წულუკიანი: საახალწლო აქციის ფარგლებში ბიომეტრიული პასპორტის ფასი განახევრდება

12 დეკემბერი, 2016 • 3568
წულუკიანი: საახალწლო აქციის ფარგლებში ბიომეტრიული პასპორტის ფასი განახევრდება

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოახლოებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს წინასაახალწლო აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც პირადობის მოწმობები 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე უფასოდ, ხოლო ბიომეტრიული პასპორტები 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად გაიცემა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრო ბოლო წლებია ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის წარმატებით დასრულდეს:

“როგორც ვიცით, ამ თემაზე ძალიან მალე უნდა ველოდოთ ბრიუსელიდან დადებით გადაწყვეტილებას. ამ ორი მიმართულებით და მიზნების მისაღწევად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლოდ გამოვაცხადოთ ჩვენი მოქალაქეებისათვის აქცია, რომლებისთვისაც პირადობის მოწმობები იქნება უფასო იქნება 1 დეკემბრიდან 9 იანვრამდე, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის აღება შესაძლებელი იქნება 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად.”

წულუკიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ქვეყნისა და საკუთარი თავის ღირსეულად წარმოსაჩენად ლეგალური მიგრაცია იყოს გადაადგილების წესი.

“ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებთან ნიშნავს, რომ ჩვენ ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის შეგვეძლება გამოვიყენოთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელში წვლილი სხვა სამინისტროებთან ერთად ჩვენს უწყებასაც მიუძღვის. ასევე აუცილებელია, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი და ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ; დათქმულ დროს დავბრუნდეთ საქართველოში და არ გავხდეთ კანონის დამრღვევი ევროკავშირის ქვეყვნებში და ლეგალური მიგრაცია იყოს გადაადგილების ჩვენი წესი. ამისთვის კი ბიომეტრიული პასპორტი არის აუცილებელი, ხოლო საარჩევნო სიის დახვეწისთვის გვჭირდება, რომ ყველას გვქონდეს ელექტრონული პირადობის მოწმეობა,” – ამბობს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ 15–დან 9 იანვრამდე ისარგებლონ წინასაახალწლოდ დაგეგმილი აქციით. მისი თქმით, რამდენიმე იუსტიციის სახლში მოქალაქეებს შაბათსაც შეეძლებათ განაცხადების შეტანა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში უნდა მიმართონ ყველა იუსტიციის სახლს, ტერიტორიულ სამსახურებს ან სოფლად საზოგადოებრივ ცენტრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი