ახალი ამბები

კვირიკაშვილი ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და თურქეთის ხელისუფლებას უსამძიმრებს

11 დეკემბერი, 2016 • 2845
კვირიკაშვილი ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და თურქეთის ხელისუფლებას უსამძიმრებს

“უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხს და ხელისუფლებას,” – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელიც მან ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა.

მისივე თქმით, საქართველო იმ ქვეყნების გვერდშია, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ:

“კატეგორიულად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე ეწირება და მათ დაშინებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ. ვუერთდებით მათ ძალისხმევას და გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ამ უდიდეს ბოროტებასთან გამკლავებას.”

CNN-ის ცნობით, სტამბოლში მომხდარ ორ აფეთქებას 38  ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 155 დაშავდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია, ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

10 დეკემბერს,  თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის” მოედანთან ახლოს მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

მასალების გადაბეჭდვის წესი