ახალი ამბები

“ფემიციდიმა მასშტაბური ხასიათი მიიღო” – ომბუდსმენის ანგარიში

10 დეკემბერი, 2016 • 4836
“ფემიციდიმა მასშტაბური ხასიათი მიიღო” –  ომბუდსმენის ანგარიში

დღეს, 10 დეკემბერს სახალხო დამცველმა დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ომბუდსმენი ყურადღებას რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდზე ამახვილებს. უჩა ნანუაშვილის თქმით, ფემიციდის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში მასშტაბური ხასიათი მიიღო.

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ დღემდე არ არის რატიფიცირებული „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენცია; არ შემუშავებულა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების სისტემა და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა.

სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებას ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ აქტივობებში ჩართულობის დაბალ მაჩვენებელზეც ამახვილებს:

“შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები, განსაკუთრებულ პრობლემას ფემიციდი წარმოადგენს. გარდა ამისა, ნიშანდობლივია ადრეულ ასაკში ქორწინების მაღალი მაჩვენებლები” – ვკითხულობთ ომბუდსმენის 2016 წლის ანგარიშში.

სახალხო დამცველი პოზიტიურ ცვლილებად მიიჩნევს ომბუდსმენის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 17–დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა და ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

დადებითადაა შეფასებული პენიტენციალურ სისტემაში დანერგილი რამდენიმე სიახლეც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების მსგავსად, „C“ ჰეპატიტის სოფოსბუვირით მკურნალობა პენიტენციურ სისტემაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შეტანილი ცვლილებებით, პატიმართა დეესკალაციის ოთახში ერთჯერადად განთავსების ვადა 72 საათამდე შემცირება.  ომბუდსმენი დიდ მიღწევად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების წესის დამტკიცება.

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმართა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ მიმდინარე წელს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მხოლოდ ორი წინადადებით მიმართა და ორივე ფაქტი 144 3 მუხლით დაკვალიფიცირებას შეეხებოდა, რაც ომბუდსმენის ანგარიშში დადებით ტენდენციადაა მიჩნეული.

ანგარიშში სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდო დარღვევების ფაქტებზე ამახვილებს. უჩა ნანუაშვილის თქმით, მსგავსი საქმეების გამოძიება მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს:

“ისევ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი, თუმცა სახალხო დამცველის წინადადებების, ან თავად განმცხადებელთა მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების უმეტესობაზე პროკურატურას პოლიციის თანამშრომლები პრაქტიკულად არ დაუკავებია” – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

პრობლემურ საკითხად სახელდება სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობაც. სახალხო დამცველის თქმით, დღემდე არაა შესრულებული ომბუდსმენის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოში საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღების შესახებ.

ომბუდსმენი საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ჯერ კიდევ არ დაუდგენია აღნიშნული კადრების გამავრცელებელი პირები.

რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის და თანასწორუფლებიანობის კუთხით არაერთი სისტემური პრობლემა არსებობს, რომელთა დასაძლევად სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარე წელსაც არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები. მათ შორის, ბარიერები რელიგიურ უმცირესობათა საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, სადავო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შესაძლო დანაშაულებების ეფექტური გამოძიების საკითხი. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას კვლავ წარმოადგენს სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლიური ენის შესწავლის საკითხი და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში ლგბტ პირების უფლებებსაც ეხება. ომბუდსმენის განცხადებით, სახელმწიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არც სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენცია მომხდარა და ჰომოფობიური გამოვლინებებიც კვლავ გამოწვევად რჩება.

ანგარიშში სახალხო დამცველი საკუთრების უფლებასაც ეხება. უჩა ნანუაშვილის თქმით, დღემდე არ არის დასრულებული უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესი.

ამასთანავე, ქვეყანაში სათანადოდ რეალიზებული არ არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება. მსხვილ კერძო ეკონომიკურ ინტერესებთან დაპირისპირებისას საკითხი კულტურული მემკვიდრეობის საზიანოდ წყდება. პრომლემურია საყდრისის შემთხვევაც. ომბუდსმენის განცხადებით, დღემდე არ არის გამოძიებული საყდრისი–ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს და რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების საკითხები.

ქვეყანაში არ არის შექმნილი შრომის უსაფრთხოების და შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმი – შრომის ინსპექცია, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას და მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, რაც სახალხო დამცველის განცხადებით, სერიოზული პრობლემაა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ცვლილებას საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებული სისტემა, რომელიც არ შეეხება საქმიანობების მნიშვნელოვან ნაწილს. ჯანსაღი გარემოს არსებობას ხელს უშლის ხმაურით დაბინძურება და მის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმების არარსებობა.

კვლავ პრობლემურადაა შეფასებული ბავშვთა დაცვა სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისგან, ასევე, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვა ძალადობისგან. ომბუდსმენის ანგარიშში გამოიკვეთა, რომ პასუხისმგებელი უწყებების რეაგირება ზოგ შემთხვევაში არ არის ეფექტური და დროული. გარდა ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მასშტაბები.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახალხო დამცველი პრობლემურად მიიძნევს, შშმ პირების უფლებებს ეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ არ არის რატიფიცირებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმი. შშმ პირთათვის ამ დრომდე მიუწვდომელია ფიზიკური გარემო, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი თუ ინფორმაცია.

ასაკოვანი ადამიანების უმრავლესობა კი  მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. გართულებულია მათი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და შემდეგ სახელმწიფო შემწეობის დანიშვნა.

საკანონმდებლო პრობლემებზე საუბრობს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ბაზაში სრულყოფილად არ არის განსაზღვრული უსახლკარო პირის დეფინიცია, არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები და, შესაბამისად, ბუნდოვანია უსახლკარობის მასშტაბები. მწირია ინფრასტრუქტურული და ფინანსური რესურსები.

ომბუდსმენის აპარატის აზრით, დასახვეწია სოციალური შემწეობის მიღების სტანდარტები და ამ სტანდარტებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების სისტემა.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მთავარ პრობლემას მძიმე სოციალური ყოფა და შემოსავლის წყაროს მოძიება წარმოადგენს. მათთვის კვლავ სერიოზული გამოწვევაა განათლების უფლება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ბავშვთა უფლებები და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები. არ არის გათვალისწინებული ეკომიგრანტების საჭიროებები, მათი სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა. დღემდე აქტუალური განსჯის საგანია სამხრეთ საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის პოლიტიკური მნიშვნელობა; მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

ანგარიშში ასევე შესულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავა.  აგნარიშში ნათქვამია, რომ კვლავ გამოწვევად რჩება წვევამდელთა უფლებრივი მდგომარეობა, გაწვევის პირობები.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შეჯამებას სახალხო დამცველი 2013 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ახდენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი