ახალი ამბები

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

10 დეკემბერი, 2016 • 5221
“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციაზე, რომელიც ამ წუთებში თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს, აქციის 2 მონაწილე დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ. გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულებს შორის არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) მკვლევარი, შოთა ხინჩაგაშვილიცაა. მოძრაობის მხარდამჭერები სიმრავლის გამო ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, რამაც რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა. პოლიციამ კი აქციის მონაწილეებს სამანქანო გზის გათავისუფლება მოსთხოვა – ამას მოჰყვა დაპირისპირება მოძრაობის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” მოუწოდებს ახალი მოწვევის პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, დაიწყონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. აქციის მთავარი მოთხოვნა  ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და სადამსჯელო პოლიტიკის ჯანდაცვის მიდგომებით ჩანაცვლებაა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მანამ, სანამ დაკავებული პირები არ გათავისუფლდებიან, აქცია არ დაიშლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი