ახალი ამბებისაზოგადოება

“დეკრიმინალიზაცია 2016” – პარლამენტთან აქცია ხმაურის ფონზე დაიწყო

10 დეკემბერი, 2016 • 3086
“დეკრიმინალიზაცია 2016” – პარლამენტთან აქცია ხმაურის ფონზე დაიწყო

“თეთრი ხმაურის მოძროაბის” აქცია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით ხმაურის ფონზე დაიწყო. მოძრაობის მხარდამჭერები სიმრავლის გამო ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, რამაც რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა. პოლიციამ კი აქციის მონაწილეებს სამანქანო გზის გათავისუფლება მოსთხოვა.  ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ცალმხრივად აქვთ დაკავებული.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” მოუწოდებს განახლებულ პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, დაიწყონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. აქციის მთავარი მოთხოვნა  ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და სადამსჯელო პოლიტიკის ჯანდაცვის მიდგომებით ჩანაცვლებაა.

“საზოგადოება უკვე დიდი ხანია შეთანხმდა მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე. ამ მიმართულებით “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” ფარგლებში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივაც, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობას, პლატფორმაში გაერთიანებულ ორმოცამდე ორგანიზაციასთან ერთად, სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ერთადერთ მართებულ ალტერნატივად მიაჩნია. აქციის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ წელსვე გამოაცხადოს მოხმარების დეკრიმინალიზაცია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში დეკლარირებულ მიმართულებად და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სადამსჯელო პოლიტიკის ჯანდაცვის მიდგომებით ჩანაცვლებაზე.“ – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებით, აქციის თარიღი სიმბოლურია.  მოძრაობას მიაჩნია, რომ სწორედ ეს თარიღი, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორის დღე, უნდა იქცეს 10-წლიანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სიმბოლური დასასრულის დღედ.

“10 დეკემბერს ჩვენ, საზოგადოება, საბოლოდ ვაცხადებთ, რომ ამოიწურა დრო, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო სახელმწიფო პოლიტიკა საკუთარი ძალადობის ინსტრუმენტებად აქცევდა, სტატისტიკის, ბიუჯეტისა და ციხის შესავსებად იყენებდა”  – აცხადებენ მოძრაობის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი