ახალი ამბებიხელოვნება

კულტურული ინდუსტრიების გამოწვევები და თბილისის მანიფესტი მათ დასაძლევად

10 დეკემბერი, 2016 • 2805
კულტურული ინდუსტრიების გამოწვევები და თბილისის მანიფესტი მათ დასაძლევად

8-9 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში ფორუმი „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისთვის” მოეწყო, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურის სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ფორუმს ექსპერტები რამდენიმე ქვეყნიდან ეწვივნენ, რომლებმაც სფეროს განვითარების პროცესში მიღწეული შედეგები და გამოწვევები განიხილეს.

თბილისის მანიფესტი

ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის თბილისის მანიფესტი შეიმუშავეს. ფორუმს დაესწრნენ წარმომადგენლები ექვსი ქვეყნიდან: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

მანიფესტის ავტორების განცხადებით, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება საწყის ეტაპზე მთავრობებისა და სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის კოორდინირებულ ძალისხმევას საჭიროებს, ამიტომ ისინი ერთობლივ რეკომენდაციას სთავაზობენ საზოგადოებას და მზადყოფნას გამოთქვამენ, მონაწილეობა მიიღონ სფეროს განვითარებაში.

მანიფესტის ხელისმომწერი ქვეყნები მზად არიან, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის, ანალიზის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ასევე დაეხმარონ ამ სფეროს, შექმნას ახალი მედიაინსტრუმენტები და გაზარდოს ცნობიერება.

იქიდან გამომდინარე, რომ ფორუმზე ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხელის შემშლელ ფაქტორად განათლებისა და ახალგაზრდა თაობებში ცნობიერების ნაკლებობა დასახელდა, სამოქმედო გეგმა ამასთან დაკავშირებით მანიფესტშიც აისახა. ექვსივე ქვეყანა მზადაა, კულტურასა და შემოქმედებითობას განათლების სისტემის ყველა დონეზე შეუწყოს ხელი.

“ჩვენი მიზანია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ პროფესიული კადრების მომზადება, სკოლამდელი, სასკოლო და არაფორმალური განათლების, უმაღლესი განათლების დაწესებულებებში შესაბამისი სასწავლო სტანდარტების გაუმჯობესების და უწყვეტი განათლების სისტემის ხელშეწყობის გზით,” ვკითხულობთ მანიფესტის ტექსტში.

პარტნიორი ქვეყნები ასევე გეგმავენ, გაამკაცრონ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვისა და აღსრულების მექანიზმები.

მინისტრის მოადგილის, ლევან ხარატიშვილის თქმით, მანიფესტის სრული ტექსტი საქართვლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებზე განთავსდა და მასში ცვლილებების შეტანა 20 დეკემრამდე იქნება შესაძლებელი. სამინისტრო მიიღებს რეკომენდაციებს მანიფესტის ტექსტთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ოფიციალურად დაამტკიცებს მას.

ფორუმი „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისთვის: შემოქმედებითი საქართველოს გზამკვლევი" ტექნოპარკში

ფორუმი „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისთვის:
შემოქმედებითი საქართველოს გზამკვლევი” ტექნოპარკში 09.12.16

კულტურული ინდუსტრიების გამოწვევები რეგიონში

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიების განვითარების შესახებ კვლევის ავტორებმა, კრისტინა ფარინამ და ზვიად მჭედლიშვილმა ფორუმზე ამ ეტაპზე არსებული მიგნებები წარმოადგინეს. კვლევის საბოლოო ვერსია ხელმისაწვდომი მოგვიანებით გახდება.

კრისტინა ფარინამ ძირითადი 7 მახასიათებელი გამოყო, რომელიც კვლევის მონაწილე ქვეყნებისათვის საერთო აღმოჩნდა, თუმცა ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ამ პრობლემებთან მიმართებაში ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური მიდგომებია საჭირო და საკითხების გადაჭრის კუთხით ყველა მათგანი სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება. საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, უკრაინასა და მოლდოვაში გამოკვეთილი ძირითადი დაბრკოლებებია:

  • კრეატიული ინდუსტრიების ტრანსვერსიული ხასიათი
  • მონაწილეობით პლატფორმებისა ნაკლებობა და პოლიტიკის არარსებობა
  • კრეატიული “ჰაბების” ნაკლებობა
  • სფეროს შესახებ ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება
  • დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობა
  • ბაზრისა და მომხმარებლის გაზრდა
  • საერთაშორისო თანამშრომლობების წახალისება

კვლევის საფუძველზე მკვლევრები სექტორის განვითარებაში ჩართულ თითოეულ ჯგუფს რეკომენდაციებს სთავაზობენ.

ზვიად მჭედლიშვილის თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ სექტორში ანალიტიკურ საქმიანობას უნდა დაუჭიროს მხარი, ასევე განაახლოს დაფინანსების მეთოდები, რომელიც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ხელოვანებსა თუ მწარმოებლებს.

მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის შეიმუშაონ სტრატეგია, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივ საჭიროებებზე. რაც შეეხება თავად კულტურულ ორგანიზაციებს, ექსპერტები მათ ურჩევევენ, რომ შექმნან პროფესიული გაერთიანებები, რათა უკეთესი კომუნიკაციის დახმარებით მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი კი საგანმანათლებლო დაწესებულებებს ენიჭებათ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ გასცემენ საჭირო ცოდნასა და არ უვითარებენ წარმოებისათვის შესაბამის უნარებს თავიანთ სტუდენტებს. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ სასწავლო დაწესებულებებმა უნდა დახვეწონ მათ მიერ შეთავაზებული სახელოვნებო პროგრამები და შემოქმედებითი მეწარმეობისათვის საჭირო ცოდნა მისცენ მოსწავლეებს.

ფორუმი „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისთვის:

ფორუმი „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისთვის” ტექნოპარკში 09.12.14

მასალების გადაბეჭდვის წესი