ახალი ამბები

“ხელისუფლებამ არ უზრუნველყო ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელება” – EMC

10 დეკემბერი, 2016 • 11697
“ხელისუფლებამ არ უზრუნველყო ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელება” – EMC

არ გადადგმულა სისტემური ნაბიჯები სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, ხელისუფლებამ არ უზრუნველყო ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელება. ჩაგრული ჯგუფების უფლებების გაუმჯობესებისკენ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ფრაგმენტული და არაეფექტური იყო, – ასე აჯამებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2016 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში.

“მიმდინარე წელი საარჩევნო წელს წარმოადგენდა, რამაც გავლენა მოახდინა პოლიტიკური და სოციალური პროცესების ბუნებაზე და ზოგადად ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესი არ ხასიათდებოდა მასობრივი და რეპრესიული საპოლიციო ძალების გამოყენებით. მიუხედავად მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავისა, რომელთან დაკავშირებით საზოგადოებაში  არაერთი კითხვა არსებობს პროცესის პოლიტიკური ხასიათის თაობაზე, მედიაგარემო ძირითადად უზრუნველყოფდა განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისა და მოსაზრებების გაშუქებას. პოლიტიკური სუბიექტების მიერ ჩატარებული შეკრებები ასევე მეტწილად მშვიდ გარემოში ჩატარდა”, – წერს EMC.

გთავაზობთ “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) სრულ შეფასებას, რომელიც 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ტექსტი 2016 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აჯამებს შემდეგი მიმართულებებით:

  • მართლმსაჯულება და დემოკრატიული მმართველობა;
  • სოციალური პოლიტიკა;
  • თანასწორობის პოლიტიკა;

 მართლმსაჯულება და დემოკრატიული მმართველობა 

2016 წელს განვითარებული მოვლენების მნიშვნელოვანი ნაწილი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა და სწორედ ამ კონტექსტში ვითარდებოდა. წინასაარჩევნო გარემოზე და ზოგადად პოლიტიკური პროცესების მშვიდობიან განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პირადი ცხოვრების ჩანაწერების უკანონო გავრცელებამ ინტერნეტ-სივრცეში. სამწუხაროდ, სამართალდამცავი სისტემა არ აღმოჩნდა მზად ადეკვატურად ეპასუხა ამ გამოწვევისთვის და ეფექტურად აღეკვეთა დანაშაულის გავრცელება. მეორეს მხრივ, პირადი ცხოვრების ხელყოფის სისტემურ დანაშაულზე წლების განმავლობაში მიმდინარე და დაუსრულებელმა გამოძიებამ გაზარდა უნდობლობა სამართალდამცავის სისტემის მიმართ  და ახალი დანაშაულების წახალისება მოახდინა.

წინასაარჩევნო გარემოზე ასევე უარყოფითად იმოქმედა ძალადობისა და დაპირისპირების ფაქტებმა, რომელიც, როგორც წესი, ორგანიზებული სახით ვითარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ძალადობის ფაქტებში სამართალდამცავი ორგანოების უშუალო მონაწილეობის სისტემურობა არ გამოვლენილა, გამოძიებისა და პოლიცის ორგანოების არაეფექტურობა (ან ორგამი სტანდარტებით მოქმედება) აჩენდა კითხვებს, რამდენად იყო სისტემა მზად პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით ეპასუხა ამ გამოწვევებისთვის. პოლიციის, პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურების დეპოლიტიზირების საკითხის გააქტიურება დიდწილად განაპირობა იმ არასრულყოფილმა ინსტიტუციურმა რეფორმებმა, რომელიც ნაჩქარევად და ზედაპირულად განხორციელა ხელისუფლებამ 2015 წელს.

პირადი და ღირსეული ცხოვრების უზრუნვლეყოფის კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენა-მიყურადების მოქმედი სისტემა. სამწუხაროდ, წინა მოწვევის პარლამენტს ამ გადაწყვეტილების დროულად აღსრულებაზე მუშაობა არ დაუწყია. ამის საპასუხოდ უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არაერთი გახმაურებული და პოლიტიკურად სენსიტიური საქმის განხილვის პარალელურად, ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს რეფორმის ინიცირება და დაჩქარებულად განხორციელება სასამართლოზე მიზანმიმართული შეტევის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რამაც დააზიანა კიდეც სასამართლოს ეფექტურობა.

საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული კრიზისი გააღრმავა რეფორმების შეფერხებამ და “მესამე ტალღის” კანონპროექტების არაგონივრულმა გაჭიანურებამ, რამაც გააძლიერა ცალკეული გავლენიანი ჯგუფების პოზიციები სასამართლოში, კიდევ უფრო შეასუსტა სისტემის გაჯანსაღების პერსპექტივა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისცა შესაძლებლობა, მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელად და პროცედურული დარღვევებით მიეღო (მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება საბჭომ უკანონოდ განახორციელა). საერთო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ არსებული შეკითხვები და კრიტიკა არსებითად შენარჩუნდა, რაც განსაკუთრებულ სიმწვავეს გახმაურებული საქმეების (მათ შორის, რუსთავი 2-ის საქმის, კაბელების საქმის) განხილვის დროს იძენდა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმემ კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში როგორც მთლიანად საპოლიციო სისტემის, ისე ნარკოპოლიტიკის რეპრესიულობის და ძალადობრივი ბუნების საკითხი. ამ საქმემ ნათლად აჩვენა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ფორმები, რომლებიც მოქალაქეების დაშინებას, შანტაჟს და თანამშრომლობაზე დაყოლიებას/იძულებას ემყარება და საპოლიციო სისტემაში მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ამ დრომდე სისტემური ნაბიჯები არაჰუმანური ნარკოპოლიტიკისა და დაუსჯელობის პრობლემის დასასრულებლად ხელისუფლების მხრიდან გადადმული არ არის.

სოციალური პოლიტიკა

დასაქმებულთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მწვავე გამოწვევების მიუხედავად, 2016 წლის განმავლობაში შრომის პოლიტიკის განვითარების კუთხით  მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. მეტიც, 2016 წელს წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალია წარმოების პროცესში დაღუპულთა რიცხვი. ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ 6 თვის მანძილზე საწარმოო შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. შრომის მძიმე პირობების, დასაქმებულთა ჩაგვრის და ექსლუატაციის განგრძობად პრაქტიკას ცხადად აჩვენებდა ამ პერიოდის ორი სრულმასშტაბიანი გაფიცვა ტყიბულსა და ზვარეში, რომლებიც დასაქმებულთათვის მინიმალური შრომის პირობების გარანტრირებაზე შეთანხმებით დასრულდა. შრომის პოლიტიკის ფუნდამენტური გარდაქმნის საკითხი კვლავ უკავშირდება აღსრულების მექანიზმების არარსებობას ან სისუსტეს. მათ შორის, მნიშვნელოვან პრობლემებად რჩება შრომის ინსპექტირების მექანიზმის არასაკმარისი მანდატი, სამმხრივი კომისიის არაფუნქციური ფორმატი და ჩანასახოვანი მედიაციის მექანიზმი, რომლის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების დიდი ნაწილი დამსაქმებელთა მხრიდან არ სრულდება.

2016 წლის მანძილზე ცენტრალურ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები საცხოვრისის უფლების სათანადო გარანტირების მიზნით და მისი უზრუნველყოფა მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შეუსრულებელ პასუხისმგებლობად რჩებოდა. სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრისის უფლების არაღიარება, უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ხედვის, სტრატეგიის, პრევენციული მიდგომების და საცხოვრისის გრძელვადიანი სერვისების არარსებობა, მუნიციპალიტეტებისთვის შეუძლებელს ხდის გაუმკავდნენ უსახლკაროთა მზარდ რიცხვს და საჭიროებებს, რაც მათ მიერ გაწეულ ძალისხმევებს ასუსტებს და ვერ უზრუნველყოფს მდგრადი, გრძელვადიანი მიდგომების შემუშავებას. ამ ფონზე, მნიშვნელოვანი იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკაროთა თავშესაფრის გახსნის პრეცედენტი, რაც ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების დაზღვების მექანიზმია. თუმცა, აღნიშნული თავშესაფრის ფუნქციონირება იშვიათი გამონაკლისია. ამასთან, მისი დღეს არსებული მოდელი დისკრიმინაციულია სხვდასხვა ჯგუფების მიმართ, ხოლო ბენეფიციართა გაძლიერების სტრატეგიის სისუსტე ვერ უზრუნველყოფს მათი უსახლკარობის მდგომარეობის გარდაქმნას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდმა დაადასტურა სახელმწიფოს მზაობის არარსებობა – ფუნდამენტურად გარდაქმნას არსებული პოლიტიკა და შესაბამისობაში მოიყვანოს ის ადამაინის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან. კვლავ მნიშვნელოვან საკითხს და გადაუჭრელ საჭიროებას წარმოადგენს სოციალური მოდელის დანერგვა, თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირება, ინკლუზიის მნიშვნელობაზე დაფუძნებული საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის წარმართვა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის წარმოება. 2016 წლის მანძილზე სახელმწიფოს არცერთი არსებითი რეფორმა არ განუხორციელებია, შედეგად, დასაქმებისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მცირე ნაბიჯების გადადგმა ვერ ცვლის არსებულ სურათს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მძიმე უფლებრივ მდგომარეობას განაპირობებს. ქმედუნარიანობის რეფორმის დანერგვის პროცესში გამოვლენილმა სისტემურმა დაბრკოლებებმა ასევე აჩვენა სახელმწიფო სისტემის არასაკმარისი მზაობა რეალურად აღიაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების თანასწორ წევრებად და ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა.

თანასწორობის პოლიტიკა

დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვის საკითხი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკაში ყველაზე სუსტად დგას და წინა წლებთან შედარებით გაურესების ტენდენციით ხასიათდება. 2016 წელს თანასწორობის ეფექტიანი პოლიტიკის გატარების მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების მცდელობები სუსტი და უმნიშვნელო იყო, რაც მათ შორის, წინასაარჩევნო პოლიტიკური კონტექსტით და დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის/დისკურსის მიმართ ლოიალობით უნდა იყოს განპირობებული. მიმდინარე წელს პარლამენტმა ვერ შეძლო დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში უკვე ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ქონდა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გაძლიერებისთვის.  საერთაშორისო ინსტრუმენტების რეკომენდაციებისა და მთავრობის ადამიანის უფლებათა საქმოემედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად, მთავრობამ არ განახორციელა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი პოლიტიკა. წინასაარჩევნო პერიოდში მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ქორწინების შეზღუდულ/მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ განმარტებასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ინიციატივა წარმოადგინა, რამაც წინასაარჩევნო პერიოდში ჰომოფობიური დისკურსი გაზარდა და ადამიანის უფლებებისა და კონკრეტული სოციალური ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოახდინა.

ბოლო წლებში რელიგიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია და მიმდინარე წელს ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდა.

2016 წლის თებერვალში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ კიდევ ერთი რელიგიური კონფლიქტი გამოვლინდა სოფელ ადიგენში. სოფლის სასფლაოსთან დაკავშირებით დაწყებული დავას დომინანტი რელიგიური თემის წარმომადგენლების მხრიდან მუსლიმებზე ძალადობრივი თავდასხმა მოჰყვა, რაც შეუწყნარებლობისა და რელიგიური ძალადობის ესკალაციაზე მიუთითებს.  აღნიშნული კონფლიქტი 2012 წლის შემდეგ მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი მეშვიდე კონფლიქტი იყო და ის მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს  და არსებითად სახელმწიფოს არაეფექტური და არასეკულარული პოლიტიკის შედეგია. სოფელი ადიგენის საქმეზე, ისევე როგორც სხვა რელიგიური ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფომ არ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება, რაც დაუსჯელობის გარემოს ქმნის და ახალისებს შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებს. არაეფექტიანი პრევენციისა და გამოძიების პოლიტიკის კუთხით ხაზი უნდა გაესვას იეჰოვას მოწმეების მიმართ შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის ზრდის ტენდენციას.

პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული უწყების – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) საქმიანობას თითქმის არც ერთი მიმართულებით პოზიტიური ცვლილებები არ მოჰყოლია. წინა წლებში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები კვლავ გადაუჭრელი და ფაქტობრივად კონსერვირებულია (სამთაწყარო, ქობულეთი, მოხე). მოხეში მდებარე საკულტო-ნაგებობასთან დაკავშირებით დაწყებული დავის გადაწყვეტის მიზნით სააგენტოს მიერ შექმნილმა კომისიამ, 2 წლიანი მუშაობის შემდეგ არ უზრუნველყო შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის საკითხის შესწავლა (არსებითად რისთვისაც ის შეიქმნა) და მთავრობამ შენობა კვლავ „სადავო საკულტო ნაგებობის“ სტატუსს დაუქვემდებარე. სააგენტოს მიერ უსამართლო, არაგამჭვირვალე და ილუზორული მექანიზმის შექმნამ მოხეში რელიგიურ თემებს შორის გაუცხოება  და დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციაზე/დაბრუნებაზე პოლიტიკური ნების არ არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ ყოველგვარი საჯარო ინტერესით დასაბუთების გარეშე, ათეულებით უძრავ ქონებას გადასცემს მართლმადიდებელ ეკლესიას, მუსლიმი თემის არა ერთი მოთხოვნების მიუხედავად, მთავრობამ არ უზრუნველყო ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის გამოყოფა, რაც მუსლიმი თემისთვის, რომელიც ათეულობით წლების განმვლობაში ღია ცის ქვეშ ლოცულობს, განსაკუთრებით ტრავმატული აღმოჩნდა.

რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემა რუსთავი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ვერ მოხერხდა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების არასეკულარული პოლიტიკის შედეგია. აღნიშნული საქმე რელიგიური ნაგებობების მშენებლობის კუთხით შექმნილი დისკრიმინაციული პოლიტიკის ნათელი მაგალითია.

ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია ჩვენს საზოგადოებაში. 2016 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს თემმა კვლავ ვერ მოახერხა შეკრების თავისუფლებით სარგებლობა სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების არ არსებობის გამო. ამასთან, პოლიციამ თვითნებურად და ღირსებისშემლახავი ფორმებით დააკავა ლგბტ აქტივისტები, რომლებმაც საკუთარი კრიტიკის გამოხატვა პარტიზანული ფორმით საპატრიარქოს შენობასთან სტენსილების გაკეთებით სცადეს. პოლიციის განყოფილებაში დაფიქსირდა დაკავებული აქტივისტების მიმართ მკვეთრი ჰომოფობიური ენის გამოყენების შემთხვევები.

მიმდინარე წელს დაფიქსირდა კიდევ ერთი ტრანსგენდერი პირის სასტიკი მკვლელობის ფაქტი. ამასთან დაფიქსირდა, ტრანსგენდერი პირების ცემისა და ძალადობის არა ერთი შემთხვევა საჯარო სივრცეში. ჰომო/ბი/ტრანფობიური ძალადობის ზრდის ტენდენცია განხმაურებულ საქმეების არაეფექტიანი გამოძიებით,  პოლიციის არაეფექტიანი პრევენციული პოლიტიკით, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე  სამართალდამცავი სისტემების ინსტიტუციური გაუმართაობითა და ნაკლები სენსიტიურობით, ასევე მზარდი ჰომო/ბი/ტრანსფობიური საჯარო რიტორიკით უნდა აიხსნას.

მიმდინარე წელს ასევე შეიმჩნევოდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების მობილიზებისა და რადიკალიზების ტენდენცია, რომლებიც ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკით გამოირჩევიან და დისკრიმინირებული ჯგუფების წარმომადგენლებს საჯარო სივრცეებში ღიად ესხმიან თავს. თანასწორობის მიმართლებით სახელმწიფოს არაეფექტიანი და არასეკულარული პოლიტიკა მსგავსი ჯგუფების გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად უნდა დასახელდეს.

ამ შეფასებების გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს ხელისუფლებას, ყოველდღიურ პოლიტიკაში მკაფიოდ დაიცვას კონსტიტუციონალიზმის, ადამიანის უფლებების დაცვისა და პლურალზმის პრინციპები, რომელიც კონსტიტუციური უმრავლესობის პირობებში კრიტიკულად არსებითია. ამასთან, მნიშვენელოავანია სახელმწიფომ განახორციელოს ქმედითი რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებისა და დისკრიმინირებული და ჩაგრული სოციალური ჯგუფების უფლებების დაცვის, ასევე სოციალური კეთილდღეობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი