ახალი ამბები

ფიქრია ჩიხრაძე საკონსტიტუციო კომისიაზე: კობახიძემ მიიღო ვიწრო პარტიული გადაწყვეტილება

9 დეკემბერი, 2016 • 3251
ფიქრია ჩიხრაძე საკონსტიტუციო კომისიაზე: კობახიძემ მიიღო ვიწრო პარტიული გადაწყვეტილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი არ იქნება, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ვიწრო პარტიულ გადაწყვეტილებად აფასებს:

“პარლამენტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკმაოდ ვიწრო პარტიული თუ ფორმალისტური მიდგომებიდან გამომდინარე. პროცესის ინტერესი იყო და ჩვენი ინტერესიც იყო, რომ ამ ნაბიჯებისადმი, რომელიც გადაიდგმება შემდგომში კონსტიტუციური ცვლილებების თვალსაზრისით, ყოფილიყო მაღალი საზოგადოებრივი ნდობა” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ  9 დეკემბერს “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ კომისიის სანდოობა და ლეგიტიმურობა პოლიტიკური თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

დღეს, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებით, ასევე, კონსტიტუციური ორგანოების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით და ექსპერტებით დაკომპლექტდება, ხოლო  თავმჯდომარე თავად ირაკლი კობახიძე იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი