ახალი ამბები

პირვანდელ ვარიანტთან შედარებით თბილისის ბიუჯეტის პროექტი 1 031 500 ლარით გაიზარდა

9 დეკემბერი, 2016 • 3475
პირვანდელ ვარიანტთან შედარებით თბილისის ბიუჯეტის პროექტი 1 031 500 ლარით გაიზარდა

დედაქალაქის ბიუჯეტის განახლებული პროექტი 1 031 500 ლარით გაიზარდა და 801 302 000 ლარი შეადგინა. დაზუსტებული პროექტი საკრებულოს თბილისის მერიამ დღეს წარუდგინა.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით ბიუჯეტის დაზუსტებულ ვარიანტში კიდევ 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც მთლიანობაში ამ მიმართულების განვითარებისთვის 64 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

უცვლელია საგზაო ინფრასტურქტურის მშენებლობის, აღდგენა-მოვლისა და შეკეთებისთვის განსაზღვრული ხარჯები.  არ შეცვლილა გამწვანებასა და განათლების პროექტებზე გასაწევი ხარჯების ოდენობაც. 2 019 000 ლარით გაიზარდა ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის გასაწევი ხარჯების ოდენობა. ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა კი, რომელიც ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტირებას გულისხმობს, დამატებით 1,9 მილიონი ლარით დაფინანსდება:

“2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში თანხა გაზრდილია კომუნალური ვაუჩერების მიმართულებითაც. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ აბონენტებს, რომელთა ქულაც 70 000- დან 200 000-მდეა, აბონენტის ნომერზე 16 ლარის ნაცვლად ჩაერიცხებათ არაუმეტეს 20 ლარისა მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადის ასანაზღაურებლად” – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, თბილისის მერიის ინფორმაციით, 2017 წელს დასრულდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები, რაც დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებას გულისხმობს. ამისთვის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში დამატებით 2,3 მილიონი ლარია განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი