ახალი ამბები

იურისტების შეფასებით, სვანეთში “მობოდიშების ჩანაწერი” დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

9 დეკემბერი, 2016 • 5427
იურისტების შეფასებით, სვანეთში “მობოდიშების ჩანაწერი” დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

სვანეთში, მესტიის კოშკების ფონზე, ახალგაზრდა კაცმა შიშველი ფოტო გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, რის გამოც რამდენიმე ადგილობრივმა მას ბოდიში მოახდევინა და ამის ამსახველი ჩანაწერი ფეისბუკზეც განათავსეს.

ერთ–ერთი  ადგილობრივი, რომელიც მესტიაში გაშიშვლებულ კაცს “ტრადიციების შეურაცხყოფისთვის” ბოდიშს ახდევინებს, იმუქრება, რომ ამის შემდეგ ყველამ უნდა გაითვალისწინოს მისი რეაგირება და მსგავსი საქციელი სვანეთში აღარ გაიმეოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში “ლაპარაკით აღარ შემოიფარგლება”.

“ამის შემდეგ ყველამ იცოდეს, რომ ასეთი რაღაცები სვანეში კი არა, ზოგადად ქართულ მიწაზე, და ზოგადად კავკასიის რეგიონში არ ხდება… და ყველა კანონზე და ყველა კონსტიტუციაზე მაღლა დგას ჩვენი ადათწესები და ტრადიციები,” – ამბობს ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვიდეოჩანაწერს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, იურისტები და პოლიტიკოსებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ ჩანაწერი იძულების ნიშნებს შეიცავს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა, როგორც ნეტგაზეთს შსს–ში განუცხადეს, თუ პირი თავად არ მიმართავს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის განყოფილებას შესაბამისი მოთხოვნით, იძულების მუხლით საქმე არ აღიძრება.

ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის ერთ–ერთი ლიდერი და სამართალმცოდნე, იაგო ხვიჩია სოციალური ქსელით შსს–ს ამ საქმით დაინტერესებას ურჩევს და წერს, რომ ჩანაწერი შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი და მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ოთო კახიძე კი მიიჩნევს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსი 150–ე მუხლით უნდა აღიძრას, რაც იძულებას გულისხმობს. როგორც კახიძე წერს, ვიღაცების ადათ-წესები და ტრადიციები არ დგას კონსტიტუციასა და კანონებზე მაღლა. მისი განცხადებით, ეს სახელმწიფოა და არა თემური წყობილება.

“პოლიციამ უნდა დაიწყოს გამოძიება, დაკითხოს სავარაუდო დაზარალებული, თუ მან დაადასტურა იძულება ან მუქარა, მერე დაკითხონ ის ახალგაზრდები და მისცენ პასუხისგებაში,” – წერს ოთო კახიძე.

რესპუბლიკური პარტიის წევრისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, თუ კანონს არ არღვევს და არავიზე ძალადობს, რანაირი ფოტოც უნდა, ისეთი გადაიღოს საკუთარ საცხოვრებელში და საჯაროდ გამოფინოს:

“გინდ შიშველი პოზირებდეს, გინდ ტიტველი და გინდ წურბელებით კისერზე ასევე ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა შეაფასოს ეს ფოტო: ან მოიწონოს,ან დაიწუნოს, ან დაიწუწუნოს, ან გაიცინოს ან სულაც აღშფოთდეს და შეშფოთდეს, გადაგვარების გზაზეა ქართველობაო. ფოტოს გამოფენა თუ იმის ნებაა, ჩვენი ნებაა მისი შეფასება.”

როგორც ზურაბიშვილი წერს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ ორ ადგილობრივს მესტიაში გადაღებული შიშველი ფოტოს გმირი დაშინებული და დაშანტაჟებული ჰყავთ. რაც შეეხება იმას, რომ შსს გამოძიებას არ იწყებს და სახელმწიფოს არ აქვს ამ ამბავზე რეაგირება, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს უბრალოდ უტვინობა არ არის, არამედ ძალადობის პირდაპირი წახალისებაა.

“სახელმწიფოს, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უფლება კი არა და მოვალეობაა დაუყონებლივ აღძრას საქმე და დაიწყოს გამოძიება, როდესაც ჩნდება ვიდეო, სადაც ორი ჯეელი ბოდიშს ახდევინებს ადამიანს მის მიერ გადაღებული ფოტოს პეიზაჟური ფონის გამო. აქაოდა სიწმინდეების შეურაცხყოფა აწი არავის ეპატიება და თუ ვინმე მსგავს უმსგავსობას გაიმეორებს, მას სხვანაირად დაველაპარაკებითო, რადგან წინაპართა ადათ-წესები კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა დგასო. ამ დროს საქმის აღძვრას არანაირი დაზარალებულის ჩივილი არ ჭირდება, მით უმეტეს როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფოტოს გადამღები ახალგაზრდა დაშინებული და დაშანტაჟებულია. და როცა სახელმწიფო ამას არ აკეთებს, არ აღძრავს საქმეს, არ იბარებს დაკითხვაზე იმ ხალხს და საერთოდ არანაირად არ რეაგირებს, ეს უბრალოდ უტვინობა კი არ არის (თუმცა, არც უმაგისობაა), არამედ ძალადობის პირდაპირი წახალისება. ამით სახელმწიფო ეუბნება მოძალადეებს, თუ ისე დააშინებთ ვინმეს, რომ ის არ იჩივლებს, რაც გინდათ ის გიქნიათო. მთავარია დაშინება ეროვნული სიწმინდის დაცვის ეგიდით მოხდეს,” – წერს ზურაბიშვილი.

მისი განცხადებით, სწორედ ისაა ამ ამბავში შემაშფოთებელი, რომ სახელმწიფო უწყება კრიმინალის მხარდამჭერი ხდება: “და არა თავად მარაზმატული ფოტოს გამო კიდევ უფრო მარაზმატული ვიდეომობოდიშება.”

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა (150–ე მუხლი), ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი