ახალი ამბები

გიორგაძე: ოპტიმიზაციის ფარგლებში საშტატო ერთეულების შემცირება მომიწევს

9 დეკემბერი, 2016 • 5103
გიორგაძე: ოპტიმიზაციის ფარგლებში საშტატო ერთეულების შემცირება მომიწევს

მიხეილ გიორგაძის თქმით, ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში კულტურის სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუწევს. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა:

“გარკვეული რაოდენობით მომიწევს, შემიძლია ამის თქმა. არ ვარ მზად, რომ გიპასუხოთ პროცენტული ნაწილში, ან თუნდაც რაოდენობრივად რაზე იქნება საუბარი. თუმცა ერთი მინდა ვთქვა, რომ თვითმიზანი, ბუნებრივია, ამ ოპტიმიზაციის დროს არ არის გარკვეული საშტატო ერთეულების გაუქმება. ორწელიწადნახევარი გავიდა, რაც ხელმძღვანელი ვარ ამ უწყების და დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე ფუნქციონალის გადააზრება ხდება, ახალი პრიორიტეტები შემოდის სამინისტროს საქმიანობაში, რომელიც  პირველ რიგში ტრადიციულებთან ერთად, რა თქმა უნდა, უკავშირდება მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას და გადაადგილებები, მათ შორის, შესაძლო შტატების გაუქმება იქნება როგორც უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე, ისე თანამშრომლების” – თქვა მიხეილ გიორგაძემ.

ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებაზე გიორგი კვირიკაშვილმა 2 დეკემბერს ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტში ყველა საბიუკეტო ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურებისა და ადმინისტრაციული ხარჯები 10-10 პროცენტით მცირდება, რაც 2016 წელთან შედარებით 100 მლნ ლარზე მეტის ეკონომიას მოახდენს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო უწყებებმა საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე თავად უნდა გადაწყვიტონ, რა ფორმით მოახდნენ ხარჯების ოპტიმიზაციას. ნეტგაზეთის შეკითხვაზე, ჯამში, საჯარო უწყებების თანამშრომელთა რამდენი პროცენტით შემცირება იგეგმება, პრესსამსახურში კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა განაცხადეს, რომ “არ იგეგმება დიდი რაოდენობით მოხელეთა გათავისუფლება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი