ახალი ამბები

რომან გოცირიძე: მმართველი გუნდი სარკეში ჩავახედე და არ მოეწონათ საკუთარი “სიფათები”

9 დეკემბერი, 2016 • 3512
რომან გოცირიძე: მმართველი გუნდი სარკეში ჩავახედე და არ მოეწონათ საკუთარი “სიფათები”

“ბიუჯეტი მხოლოდ შემოსავლები და ხარჯები არ არის. ბიუჯეტი არის სარკე, სადაც ეკონომიკის მრავალი სახე ჩანს. მე [მმართველი გუნდი] სარკეში ჩავახედე და არ მოეწონათ საკუთარი სიფათები. ბოდიში მომიხდია მათთვის,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამეტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის განხილვის შემდეგ გააკეთა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი უხარისხოა:

“ეს არის უხარისხო ბიუჯეტი. ის ფინანსურ სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს, ეკონომიკის ზრდას არ გამოიწვევს. ეს ბიუჯეტი იქნება  ფასების ზრდისა და ლარის შემდგომი გაუფასურების რისკი. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ ჯანსაღი ბიუჯეტია ჯანსაღი ლარის და ჯანსაღი ფინანსური სისტემის საფუძველი ”

რომან გოცირიძის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოები, რომლებსაც “მრავალმილიარდიანი ბრუნვა” აქვს, ბიუჯეტში არც ერთ თეთრს იხდის. ამ კონტექსტში დეპუტატემა რკინიგზაზე, ნავთობის ტრანსპორტირების კორპორაციაზე და ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ზარალზე მუშაობენ.

“ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია არის გაკოტრებული. წლევანდელი გეგმით, ბიუჯეტში 2,5 ლარის დივიდენდი უნდა შევიდეს და მხოლოდ 250 ათასი ლარია შემოსული. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ეს თანხა პატარ-პატარა სახელმწიფო საწარმოებიდან გადმოირიცხება. დიდი, მსხვილი საწარმოებიდან ბიუჯეტში დივიდენდის სახით, ანუ საკუთრებიდან გადასახადი შედის ნული. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ქონება არასწორად და აბსოლუტურად არაეფექტურად იმართება,” – აღნიშნა გოცირიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 300 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება- 270 მილიონი ლარით, განათლების სამინისტროს დაფინანსება- 145 მილიონი ლარით, ხოლო ჯანდაცვის სამინსიტროს დაფინანსება- 257 მილიონი ლარით.

საქართველოს ბიუჯეტის 2017 წლის პროექტში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შემცირდა შრომის ანაზღაურების ფონდი. რეალურად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 1001 ადამიანით გაიზარდა 2016 წელთან შედარებით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა  49 მლნ 799 ათას 200 ლარით შემცირდა, ანუ 3.45%-ით.

ამავე თემაზე: დაანონსებული ხარჯების შემცირება საჯარო მოხელეთა ნაწილის დათხოვნასაც გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი