ახალი ამბები

გივი თარგამაძე: აფეთქების შესახებ საგამოძიებო მასალებს არ მაცნობენ

9 დეკემბერი, 2016 • 2867
გივი თარგამაძე:  აფეთქების შესახებ საგამოძიებო მასალებს არ მაცნობენ

ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ  9 დეკემბერს განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შესახებ გამოძიების მასალებს პროკურატურა დაზარალებულს არ აცნობს.

“გამოძიების დაწყებიდან  2 თვის შემდეგ ჩემი ძალისხმევით მივაღწიე იმას, რომ დაზარალებულად მცნეს, რაც პროკურატურას ავტომატურად უჩენს ვალდებულებას, საქმის მასალები გამაცნონ, რაზეც ჯიუტად აცხადებენ უარს”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

ავტომანქანა, რომელშიც მაშინდელი მოწვევის პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე იმყოფებოდა, 2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში აფეთქდა.

თარგამაძის თქმით, პოლიცია, რომელიც გამოძიებას აწარმოებს, თავის მხრივ მზადაა, მასალები გააცნოს, თუმცა მათ პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ, “რასაც ამ დრომდე ვერ მიაღწიეს”.

“ შესაბამისად, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ კითხვები არსებობს, პასუხები კი აგვიანებს”, – ამბობს თარგამაძე და დასძენს – “საგამოძიებო უწყების ასეთი მიდგომა საფუძვლიან ეჭვს მიჩენს, რომ პროკურატურა ცდილობს გამოძიება საკუთარი ინტერესების დაცვით წარმართოს, რათა შედეგიც თავიანთ ინტერესებს შეუსაბამონ”.

ის მიმართავს   ხელისუფლებას და პროკურატურას  მოუწოდებს, შეასრულოს თავიანთი მოვალეობა და  გააცნონ  საქმის  მასალები.

მნიშვნელოვანი საკითხები: 

  • 2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და წინა მოწვევის პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.
  • 2016 წლის 7 ოქტომბერს, არჩევნების წინა დღეს, პროკურატურამ განცხადა,  რომ  მანქანის აფეთების ფაქტი გახსნილია.
  • ” ერთიან ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. ბოკერია აცხადებდა, რომ სპეცოპერაცია წინასაარჩევნო პიარი იყო.
  • 17 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავეს, ხოლო 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
ვითარება შემთხვევის ადგილზე

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება. 04/10/2016 ვითარება შემთხვევის ადგილზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი