ახალი ამბები

კობახიძე: პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ნორმა გადასახედია

9 დეკემბერი, 2016 • 1904
კობახიძე: პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ნორმა გადასახედია

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის ის ნაწილი, რომელიც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ეხება, გადასახედია.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ასეთი ჩანაწერის არსებობა ნეგატიურად აისახება პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე:

“უნდობლობის გამოცხადების შესახებ მუხლი საჭიროებს გადახედვას და დახვეწას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, ნეგატიურად აისახება პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე. უნდობლობის გამოცხადების პროცედურა აუცილებლად დასახვეწია,” – აღნიშნავს კობახიძე.

საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი უფლებამოსილია, უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შესახებ პარლამენტს შეიძლება მიმართოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორმა მეხუთედმა. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით კენჭისყრა იმართება არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 25 დღისა. უნდობლობის გამოცხადების საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის თაობაზე, პარლამენტის იმავე წევრთა მიერ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შესახებ პარლამენტისთვის მიმართვა კენჭისყრიდან ექვსი თვის განმავლობაში დაუშვებელია.

კონსტიტუციის ამავე ნაწილის მიხედვით,  უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 25 დღისა პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ დასახელებული პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის პრეზიდენტისათვის წარდგენას. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით დასახელდა პრემიერ-მინისტრის 2 კანდიდატურა, კენჭი ეყრება ორივე კანდიდატურას. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ამ პუნქტით დადგენილი წესით პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარუდგენლობა ნიშნავს უნდობლობის გამოცხადების პროცედურის შეწყვეტას.

ხოლო  პრეზიდენტი უფლებამოსილია, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში წამოაყენოს წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ან უარი განაცხადოს ამ კანდიდატურის წამოყენებაზე. თუ პრეზიდენტი წამოაყენებს პარლამენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.

თუ პრეზიდენტი აუარს განაცხადებს პარლამენტის მიერ მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წამოყენებაზე, პარლამენტი კანდიდატურის წარდგენიდან არაუადრეს 15 და არაუგვიანეს 20 დღისა კენჭს უყრის პრეზიდენტისათვის პრემიერ-მინისტრის იმავე კანდიდატურის წარდგენას. თუ წარდგენას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედი, პრეზიდენტი ვალდებულია, 3 დღის ვადაში წამოაყენოს მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.

პარლამენტის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ჩაითვლება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად, რაც იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.

09/12/2016 ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. საქართველოს პარლამენტი. თბილისი, საქართველო

09/12/2016 ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. საქართველოს პარლამენტი. თბილისი, საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი