ახალი ამბები

ადეიშვილის პასუხი ‘ნეტგაზეთის’ კითხვაზე პატიმრების წამების საქმის შესახებ

21 სექტემბერი, 2012 • 803
ადეიშვილის პასუხი ‘ნეტგაზეთის’ კითხვაზე პატიმრების წამების საქმის შესახებ

“ერთი წუთით, საქმე მაქვს” – უპასუხა ადეიშვილმა, რომელიც რამდენიმე წამში ორმა პირმა გაიყვანა ფოიედან.

 

ამის შემდეგ “ნეტგაზეთის” რეპორტიორთან იუსტიციის მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა მივიდა, რომელიც დაინტერესდა, თუ რა კითხვა ჰქონდა მას მინისტრთან. შეკითხვის გამეორების შემდეგ იოსავამ უპასუხა, რომ “ყველა დაიკითხება”.

 

ამის შემდეგ პატიმრების წამების საქმეზე, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე პროკურატურა იძიებს, იუსტიციის მინისტრთან ინტერვიუს შეთანხმება ითხოვა “ნეტგაზეთის” რეპორტიორმა პრესსამსახურისგან, რაზეც ხათუნა იოსავამ განუცხადა:

 

“ბატონი ზურაბი მედიისთვის კომენტარებს არ აკეთებს”.

 

შეგახსენებთ, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი დააკავა, თანადებობიდან გადადგნენ სასჯელაღსრულებისა და შს მინისტრები.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის გადადგომასაც:

 

“თანამდებობებზე კვლავაც რჩებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი, რომლებიც წლების განმავლობაში რეაგირების გარეშე ტოვებდნენ საბყრობილოებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და რომელთაც უშუალო გავლენა შეუძლიათ მოახდინონ გამოძიების პროცესზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუძლებელია ამგვარი სისტემური ხასიათის დანაშაულის არსებობის პირობებში ეს ფაქტები მათთვის ცნობილი არ ყოფილიყო”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი