ახალი ამბებისამართალიხელოვნება

მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია მილიონზე მეტი სახელმწიფო ვალით

9 დეკემბერი, 2016 • 6861
მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია მილიონზე მეტი სახელმწიფო ვალით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს მედიას სახელმწიფოსა და შპს “ინტერნეიშენალ ივენთსს” შორის 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალები გააცნო, რომლის მიხედვითაც, მიხეილ გიორგაძის კომპანიას თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49-წლიანი იჯარით გადაეცა.

საიას ინფორმაციით, 2014 წლის შემოდგომამდე “ინტერნეიშენალ ივენთსის” მეწილეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი დავით მენაბდე იყვნენ, ხოლო კომპანიაში მათი წილის ფლობის დროს შპს “ინტერნეიშენალ ივენთს” 700,000 ლარზე მეტი დავალიანება ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

საიას კვლევის მიხედვით, დღეისათვის კომპანიის დავალიანება ჯამში, 1,245,000 ლარზე მეტს შეადგენს. საიას განცხადებით, კომპანია 2011 წლიდან მოყოლებული არ იხდის ფილარმონიის მართვის საზღაურს. ამასთან, როგორც საიასთვის გახდა ცნობილი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დიდი სცენის ერთი დღით დაქირავების საფასური 15,000 ლარიდან იწყება, ხოლო ივენთ-ჰოლის- 6,000 ლარი.

გარდა ამისა, როგორც საიას კვლევაშია აღნიშნული, “ინტერნეიშენალ ივენთსი” სისტემატიურად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს. კვლევის მიხედვით, კომპანიამ ვერ უზრუნველყო 5,000,009 აშშ დოლარის ინვესტიციის სრულად განხორციელება, ასევე, კომპანია სახელმწიფოს დროულად არ წარუდგენს შესაბამის ანგარიშებს.

სულხან სალაძე, საიას იურისტი. 09.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სულხან სალაძე, საიას იურისტი. 09.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საიას ინფორმაციით, კომპანიის იურიდიულ მისამართად დღემდე რჩება თბილისში, გაბაშვილის N1-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ამავდროულად საქართველოს კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი საიას იურისტს სულხან სალაძეს უძლიერებს ეჭვს, რომ მინისტრი ფორმალურად არის ჩამოშორებული კომპანიას და რეალურად მას დღემდე გააჩნია ინტერესები შპს “ინტერნეიშენალ ივენთსში”.

სანამ მიხეილ გიორგაძე, კახი კანდელაკი და დავით მენაბდე თანამდებობებზე დაინიშნებოდნენ, მათ მართვაში არსებული კომპანიის ვალი იყო 700 ათას ლარზე მეტი. ეს იყო იჯარის ქირა, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ ფილარმონიის სარგებლობისათვის, თუმცა 2011 წლიდან მოყოლებული კომპანიას ეს თანხა არ გადაუხდია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მარტო 2016 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 72 ღონისძიება ჩატარდა როგორც საკონცერტო დარბაზში, ასევე, ივენთ ჰოლში და მთლიანობაში მარტო გადასახადების სახით 800 ათას ლარზე მეტი უნდა მიეღო კომპანიას ამ ორი დარბაზის დაქირავების სანაცვლოდ, მაგრამ ერთი თეთრიც არ არის ბიუჯეტში გადახდილი. ეს ის თანხაა, რომელიც კომპანიას უნდა გადაეხადა ყოველწლიურად სახელმწიფოსათვის,” – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი და კვლევის ავტორი სულხან სალაძე.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო, რაც კვლევის შედეგად დადგა, არის ის, რომ სახელმწიფოს 2013 წლიდან დღემდე პრაქტიკულად აღარ შეუწუხებია შპს “ინტერნეიშენალ ივენთსი” იმისათვის, რომ კომპანიას გადაეხადა ბიუჯეტში არსებული დავალიანება. როგორც საიას იურისტი ამბობს, ჯამში, საუბარია მინიმუმ 1,245,000 ლარზე, თუმცა ეს არ არის საბოლოო ციფრი, რადგან ყველა გადასახადებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ შეძლო ინფორმაციის შეგროვება:

“ამის მიუხედავად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიას რეალურად აქვს დიდი ვალი სახელმწიფოსათვის გადასახდელი. ორი მომენტია აქ მნიშვნელოვანი: კომპანიის იურიდიული მისამართი დღემდე რჩება მინისტრის საცხოვრებელი, რომელიც ჩვენ გადავამოწმეთ რეესტრში, ასევე თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებში, და ყველა ეს მონაცემები ემთხვევა ერთმანეთს. 2007 წლიდან კომპანიის მისამართად წარმოდგენილია სწორედ მინისტრის საცხოვრებელი სახლი.”

საიას იურისტი სულხან სალაძე მედიას კვლევის შედეგების დეტალებს აცნობს. 09.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საიას იურისტი სულხან სალაძე მედიას კვლევის შედეგების დეტალებს აცნობს. 09.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საქართველოს საჯარო რეესტრის რეგისტრაციის (N1-5892) დოკუმენტის მიხედვით, 2007 წლის 24 აპრილს მიხეილ გიორგაძემ თანხმობა განაცხადა, რომ მისი კუთვნილი ფართის მისამართზე (ქ. თბილისი, გაბაშვილის N1) რეგისტრაცია გაიაროს შპს “ინტერნეიშენალ ივენთსმა”. მიუხედავად ამისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბრალდებებს უარყოფს და აბსურდულს უწოდებს:

“ყველამ კარგად იცით, როგორ და რა მდგომარეობა იყო ამ საკითხის გარშემო, როდესაც იურიდიული მისამართები ფორმალურად ივსებოდა სარეგისტრაციო საბუთებში. ამ ფორმალობის გამო, რომლის არანაირი ფინანსური ვალდებულება ინტერესი თუ ბერკეტი არ არსებობდა არც იმ პერიოდში და არც ჩემი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.”

გიორგაძის თქმით, ასევე, აბსურდულია ეჭვები იმის შესაებ, რომ “ფორმალობის” გამო ის რომელიმე კომპანიას მართავს ან აკონტროლებს. მინისტრი არ არის დარწმუნებული, რომ რამე დარღვევას აქვს ადგილი, თუმცა მისი ბინის მისამართზე კომპანიის რეგისტრაციის გაუქმებას აანონსებს. რაც შეეხება წილების უსასყიდლოდ დათმობას, გიორგაძის აცხადებს, რომ როდესაც ადამიანი თანამდებობაზე ინიშნება, ამაში გასაკვირი არაფერია.

“დავალიანებასთან დაკავშირებითაც იყო ასევე საუბარი, რაც აბსოლუტურად ხელოვნურადაა ამ თემასთან მიბმული. ალბათ უნდა გაჟღერებულიყო მედია კიდევ უფრო რომ დაინტერესებულიყო. აქაც გეტყვით რომ ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში სანამ მე დავინიშნებოდი ამ თანამდებობაზე უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო როდესაც რომელიმე კერძო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გარკვეული დავალიანება უგრვდებოდა,” – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

კულტურის მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობა და ურთიერთვალდებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიას ან მის ხელმძღვანელს “კედელთან კი არ აყენებენ დასახვრეტად”, არამედ ერთად მუშაობდნენ, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება და შპს “ინტერნეიშენალ ივენთსის” მიერ არაერთხელ დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულებების შემდეგ შეწყვიტოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება. საია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ყველა ღონე იხმაროს, რომ “ინტერნეიშენალ ივენთსმა” სრულად დაფაროს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება.

“ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები კულტურის სამინისტროში” – ასეა დასათაურებული “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს კულტურისა და ძაგლთა დაცვის სამინისტრომ 5 მილიონამდე ლარი დახარჯა, საიდანაც სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 1,369,891 ლარი უკონკურსოდ მიიღეს. საერთო ჯამში, როგორც Transparency-ის კვლევაშია აღნიშნული, კულტურის სამინისტროს მიერ მუსიკალურ ღონისძიებებზე გაცემული თანხების 29% სწორედ მიხეილ გიორგაძესთან, კახი კანდელაკთან და დავით მენაბდესთან დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.

საქართველოს კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძისა და კიდევ ერთი კომპანიის, “ვიზარდ ივენთის” კავშირების შესახებ ნეტგაზეთმა 2015 წლის ივლისში გამოაქვეყნა სტატია, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი