ახალი ამბები

სააკაშვილი: მთლიანად დავშალეთ სისტემა, რომელმაც ასეთი სისტემური მარცხი დაუშვა

21 სექტემბერი, 2012 • 1647
სააკაშვილი: მთლიანად დავშალეთ სისტემა, რომელმაც ასეთი სისტემური მარცხი დაუშვა

“ჩვენ ვხსნით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე მასშტაბურ შენობას, რომელიც გათვლილია არა მთავრობის კომფორტზე. ეს არის სიმბოლო ახალი ურთიერთობის ხალხსა და მთავრობას შორის. ეს არის ხალხის სახლი, ეს არის სიმბოლო ჩვენი ახალი ინსტიტუტების ეფექტურობის, სრული ანტითეზისი ჩვენი წარსული დაწესებულებების, ეს არის სრული ანტითეზისი გლდანის მე-8 საპყრობილესი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, აღშფოთებულია იმით, რაც პატიმრების წამების ამსახველ ვიდეომასალაში იხილა:

 

“რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ, რამხელა დანაშაულები იქნა ჩადენილი პენიტენციურ სისტემაში… ასეთი რამეები სამწუხაროდ ბევრგან ხდება, ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულში და ბევრგან ეს საჯაროდაც არ გამოაქვთ, როგორც ჩვენთან და სწორია, რომ საჯარო გახდა ეს ჩვენთან. მაგრამ როგორ უპასუხა ამას მთავრობამ?

 

ჩვენ ვუპასუხეთ ისე, რომ მთლიანად დავშალეთ სისტემა, რომელმაც ასეთი სისტემური მარცხი დაუშვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ, საქართველო გაათავისუფლონ წარსულის გადმონაშთისგან და ორგანიზებული დანაშაულისგან.

 

“ჩემი ამოცანა ძალიან კონკრეტული რამ არის – ბოლომდე აღმოვფხვრა წარსულის გადმონაშთები და ეს დაცარიელებული სივრცე შევავსო ახალი მენტალიტეტით, რასაც წარმოადგენს ეკა ზღულაძე, გიორგი ტუღუში. ეს არის ზუსტად ის, რასაც მოითხოვენ ჩვენგან მოქალაქეები – საქართველო გავათავისუფლოთ ორგანიზებული დანაშაულებისგან”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სწორედ არჩევნებისთვის მოხდა ამ ვიდეომასალის გამჟღავნება:

 

“რისთვის ინახავდნენ ამას ყველაფერს? ინახავდნენ არჩევნებისთვის იმიტომ, რომ მათ უნდათ, რომ ამ არჩევნებით საქართველო დააბრუნონ მოუსავლეთში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

სააკაშვილის თქმით, რუსეთიდან საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობის რუსული ფული იხარჯება, რათა ქვეყანა “დააბრუნონ წარსულში და რუსეთის იმპერიულ სივრცეში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი