ახალი ამბებიხელოვნება

იუნესკომ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა

8 დეკემბერი, 2016 • 5485
იუნესკომ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის ისტორიულ ძეგლებს იუნესკოს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილება ამის შესახებ 8 დეკემბერს პარიზში, „შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის კომიტეტის წევრი ქვეყნების მე-11 სხდომაზე მიიღეს.

ამ სტატუსის მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ იმ კულტურული მემკვდრეობის ობიექტების დაცვა, რომელთაც მინიჭებული აქვს გაძლიერებული დაცვის რეჟიმი; თავი შეიკავონ მათზე საომარი შეტევების განხორციელებისა და საომარ ოპერაციებში ამ ობიექტების ან მათი მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებისაგან.

ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობებზე შესაძლებელია გავრცელდეს გაძლიერებული დაცვის რეჟიმი იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • წარმოადგენს კაცობრიობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული ფასეულობის მქონე მემკვიდრეობას;
  • აღიარებულია განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ქონებად შიდა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმების შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ქონების მაღალ დონეზე დაცვას;
  • არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისათვის ან სამხედრო ობიექტების დაფარვის მიზნით და არსებობს კულტურულ ფასეულობებზე მაკონტროლებელი მხარის განცხადება, რომ ეს ქონება არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნით

სამინისტროს ცნობით, დღეს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მსოფლიოში მხოლოდ 10 ობიექტს აქვს მინიჭებული. მათ შორისაა ქალაქი პაფოსი (კვიპროსი), ციხე-სიმაგრე ‘Castel de monte” (იტალია) შირვანშაჰის სასახლე (აზერბაიჯანი) და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი