ტუსკი შეჩერების მექანიზმზე სიახლეს ტვიტერში ქართულად ეხმაურება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროპარლამენტში მიღწეულ შეთანხმებას ტვიტერის გვერდზე ქართულად და უკრაიანულად ეხმაურება. ტუსკის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შედეგი თითქმის მიღწეულია და ახლა ბოლო ნაბიჯების გადადგმის ჯერია.

დონალდ ტუსკმა 5 დეკემბერს მარტინ შულცისათვის გაგზავნილ ოფიციალური წერილში ევროპარლამენტს გააქტიურებისაკენ მოუწოდა. წერილში აღნიშნავდა, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის გაჭიანურება ევროკავშირის სტრუქტურების სანდოობას  ეჭვქვეშ აყენებდა.

7 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმის კომპრომისულ ტექსტზე წარმატებით დასრულდა და რეგულაციის საბოლოოდ შეთანხმებულ რედაქციას კენჭი ეყარა სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტის სხდომაზე. კენჭისყრა შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.

შემდგომი პროცედურის თანახმად, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე შესაბამისი რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით სამმხრივი კონსულტაციები გაიმართება მომდევნო კვირაში, რის შემდეგაც საქართველოს საკითხს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ხოლო საბოლოოდ კი რეგულაცია ფორმალურად დამტკიცდება ევროკავშირის საბჭოს მიერ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთან ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლასთან ერთად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი