ახალი ამბები

უვიზო მიმოსვლამდე რამდენიმე ნაბიჯი ჯერ კიდევ რჩება

8 დეკემბერი, 2016 • 5002
უვიზო მიმოსვლამდე რამდენიმე ნაბიჯი ჯერ კიდევ რჩება

სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ევროპარლამენტს, ევროსაბჭოსა და ევროკომისიას შორის სიტყვიერად მიღწეული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის დაწესებას ჯერ არ ნიშნავს.

7 დეკემბერს, მექანიზმის შესახებ ევროპარლამენტში გამართული მოლაპრაკებების დასრულების შემდეგ, მექანიზმის ვერსიას მხარი სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტმაც (LIBE) დაუჭირა. შედეგად, საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ ხმის მისაცემად, თუმცა ზუსტი დრო ჯერ უცნობია.

დღეს, შუადღისით, ევროპარლამენტში გადაწყვეტენ, გაიტანონ თუ არა საკითხი კენჭისყრისათვის პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირაში.

ევროსტრუქტურებში აცხადებენ, რომ შეჩერების მექანიზმის ოფიციალურად სრულად დამტკიცების შემდეგ საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხიც კენჭისყრაზე გადაწყდება და გადაეცემა ევროპის საბჭოს აღსრულებისათვის.

ევროპარლამენტი საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის ხელის შემშლელ ფაქტორად ამ დრომდე შეჩერების მექანიზმს ასახელებდა, რომელზეც წევრ ქვეყნებს არაერთგვაროვანი პოზიციები ჰქონდათ. შეჩერების მექანიზმი საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე აღარ მიიღონ საკუთარ ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელძე აცხადებს, რომ შეჩერების მექანიზმე მიღწეული შეთანხმეა ადასტურებს, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს მხარს უჭერენ.

“ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან. საქართველო ურყევად და შეუქცევლად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ამ გზაზე კიდევ ბევრი მიღწევა და შედეგი ელოდება ჩვენს ყველა მოქალაქეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს,” – აცხადებს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი