ახალი ამბები

პროკურატურა: აშშ-ის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

8 დეკემბერი, 2016 • 4064
პროკურატურა: აშშ-ის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მ.ჭ.  დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის განცხადების თანახმად, თელავის რაიონულმა სასამართლომ მ.ჭ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით:

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში, თელავი-ფშაველი- თუშეთის საავტომობილო გზაზე მთათუშეთისკენ ფეხით მიმავალ საქართველოში სტუმრად მყოფ ტურისტს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს დაემგზავრა მ. ჭ. დაახლოებით 20:00 საათზე გზის მე-18 კილომეტრზე მ.ჭ.- სა და ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც მან ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დანით 16 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის, რამდენიმე გულმკერდის არეში, და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,”- აღნიშნულია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 1996 წელს დაბადებული მ.ჭ. 13 აგვისტოს მთათუშეთის გზაზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.  შსს-ის ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი