ახალი ამბებისაზოგადოება

ოზურგეთის მერია: არამიზნობრივი ხარჯვის გამო შემოქმედის ეპარქიას არ დავაფინანსებთ

7 დეკემბერი, 2016 • 1858
ოზურგეთის მერია: არამიზნობრივი ხარჯვის გამო შემოქმედის ეპარქიას არ დავაფინანსებთ

ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია შემოქმედის ეპარქიას შემდეგი წლის ბიუჯეტიდან თანხას არ გამოუყოფს. მერის განმარტებით, დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ის გახდა, რომ ფინანსური მონიტორინგისას თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შემთხვევები გამოვლინდა. განცხადებას ამის შესახებ მერი ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს:

“აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ თანხა, რომელიც წელს ეპარქიისთვის უნდა მიგვეცა, სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან და აუცილებელი პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენებთ. ხოლო ფინანსური საშუალების არსებობის შემთხვევაში, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ დახმარებას, ჩვენ აუცილებლად დავაფინანსებთ.”

სიორიძის თქმით, საკითხის ამგვარად გადაწყვეტის მიზეზი მერიის უცვლელი პრინციპია, რომ საბიუჯეტო სახსრები უპირობოდ მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს:

“რაც სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიას ვუპირისპირდებით,” – აცხადებს ბეგლარ სიორიძე.

ამ პატივისცემიდან გამომდინარე, სიორიძე აცხადებს, რომ მერია შეგნებულად არ ასაჯაროებს იმ არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს, რომლებიც დოკუმენტაციაშია ასახული, თუმცა საპატრიარქოსა და კომპეტენტურ ორგანოებს აღნიშნულ დოკუმენტაციას აუცილებლად გადასცემენ.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა” და “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 2015 წელს ქალაქ ოზურგეთის მერიამ შემოქმედის ეპარქიას 65,000 ლარი გადასცა – აქედან 56,400 ლარი გამოყოფილია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

ამავე წყაროს მიხედვით, შემოქმედის ეპარქიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 38,500 ლარი გადასცა, მიზნობრიობაში მითითებულია “ეკლესია-მონასტრების განვითარების ხელშეწყობა”, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, თუ რა იგულისხმება “ხელშეწყობაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი