ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება აფხაზეთთან სამხედრო შეთანხმებაზე რუსეთმა დაბლოკა

7 დეკემბერი, 2016 • 1525
გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება აფხაზეთთან სამხედრო შეთანხმებაზე რუსეთმა დაბლოკა

გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის დელეგაცია აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული სამხედრო ხელშეკრულების განხილვის ინიციატივით გამოვიდა. თუმცა რუსეთის წინააღმდეობის გამო საბჭოს სახელით ოფიციალური განცხადება ვერ მომზადდა.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე აცხადებს, რომ საბჭოზე განსახილველად საკითხის დაყენება მოქმედ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ. უკრაინის წამოწყებას კი ბევრმა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და მათ დაგმეს რუსეთის ქმედებები. ასევე მოუწოდეს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება.

უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე უკრაინამ საბჭოს მხრიდან ოფიციალური, რამდენიმეპუნქტიანი განცხადების გაკეთებაც მოითხოვა, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დროს საჭიროა საბჭოს წევრთა კონსენსუსი და დოკუმენტის მიღებას რუსეთი შეეწინააღმდეგა.

2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მოხდა, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდი უწოდეს. რატიფიკაციის თაობაზე კანონს 22 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა.

მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.

ხელშეკრულების რატიფიკაციისა და პრეზიდენტის ხელმოწერას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოეხმაურნენ. აშშ არ აღიარებს რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ხელშეკრულების ლეგიტიმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი