რატომ ხიბლავთ ბიზნესმენებს სომხეთიდან საქართველოს ბაზარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, რომელიც უწყებამ სომხურ გამოცემა heqt.am-ს მიაწოდა, საქართველოში 700-ზე მეტი კომპანიაა, რომელიც სომხეთის მოქალაქეების სახელზეა დარეგისტრირებული. აღნიშნული კომპანიები ძირითადად კვების, ტანსაცმლისა და სასტუმროს სფეროებში საქმიანობენ.

“სომხეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სომხეთის მოქალაქე მეწარმეები საქართველოში საკუთარ ბიზნესს აფუძნებენ, პირიქით კი არ ხდება. ამას თავისი მიზეზები აქვს. საქართველოს საინვესტიციო გარემო, დაწყებული საგადასახადო რეჟიმით და ხელმისაწვდომი განბაჟებით, ასევე, იმპორტის პრობლემისა და მონოპოლიის არარსებობის გამო, მომხიბლავია არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ უცხოელი მეწარმეებისთვისაც. საქართველოში მომხმარებელთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად მაღალია და მსყიდველუნარიანობაც. ასევე, ტურისტების ფაქტორიც არსებობს”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ეკონომისტი მესროპ არაქელიანი.

ეკონომისტი განმარტავს, რომ სომეხ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს საკუთარი ბიზნესი საქართველოში სხვა მიზეზითაც გადმოაქვთ – ისინი ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური რისკების დივერსიფიცირებას, ანუ პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხეების გამო სომხეთში ინვესტიციების შემცირებას.

“სომხეთში ასევე არსებობენ ბიზნესმენები, რომელთა საქმიანობაც საქართველოში რთულია გაშიფრო: ისინი ან ქართული სახელებით რეგისტრირდებიან, ან სომხეთში იმავე ბიზნესით დაკავებული არ არიან. მაგალითად, ტექნიკის მაღაზია «Aray», მაღაზიათა ქსელი «SAS Group», რომელიც იმპორტითაა დაკავებული. მათ აქვთ სავაჭრო წერტილები როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში”, – ამბობს არაქელიანი.

ჰოლდინგის «SAS Group» დამფუძნებელი და მესაკუთრე სომხეთის პარლამენტის [ეროვნული კრების] დეპუტატი არტაკ სარგსიანია. მის მაღაზიათა ქსელშია გაერთიანებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდი Next, Debenhams, Baldi, Aldo. ისინი სომხეთშიც და საქართველოშიც მუშაობენ.

სომხურ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების შესაბამისად, დეპუტატმა თავისი საქმიანობა საქართველოში 2009 წელს დაიწყო. დღესდღეობით მასზე და მასთან დაკავშირებულ პირებზე 9 კომპანიაა დარეგისტრირებული.

კომენტარისთვის დეპუტატ არტაკ სარგსიანის დავურეკეთ. დეპუტატმა მასთან მოგვიანებით დაკავშირება გვთხოვა, რის შემდეგაც ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. ამ დრომდე დეპუტატის მიერ პასუხგაუცემელია ბიზნესთან დაკავშირებული ყველა ის კითხვა, რომელიც მედიას მის მიმართ წლების განმავლობაში დაურგოვდა.
სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, დეპუტატებს არ აქვთ უფლება, სამეწარმეო საქმიანობა აწარმოონ და კომერციულ ორგანიზაციებში თანამდებობები დაიკავონ.

ბიზნესსფეროს სპეციალისტების შეფასებით, სერჟ სარგსიანი და სხვა მაღალი რანგის სომეხი ჩინოვნიკები საქართველოში საკუთარ ბიზნესსაქმიანობას გადასახადების თავიდან ასაცილებლად და ფინანსური წყაროების გასაიდუმლოების მიზნით იწყებენ.

საქართველოში ბიზნესსაქმიანობის მომგებიანობა ამით არ სრულდება. ერთი და იგივე საქონელი, იმპორტირებული თუ ექსპორტირებული სომეხი მეწარმეების მიერ, საქართველოში უფრო ხელმისაწვდომ ფასში იყიდება. სომხეთში იგივე პროდუქცია მინიმუმ 30%-ით ძვირია. თუმცა ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ბიზნესმენები მოგებას არა იმდენად მხოლოდ სომხეთში არსებული მაღალი ფასებით იღებენ, არამედ საქართველოში არსებული ხელმისაწვდომი ბიზნესგარემოს მეშვეობით.

საქართველოში სახელმწიფო დამწყებ მეწარმეებს 5 წლით გადასახადებისგან გათავისუფლებას სთავაზობს, მაშინ, როდესაც სომხეთში მსხვილი მეწარმე ყოველ რეალიზებულ საქონელზე მისი ღირებულების 33%-ს იხდის [მოგების გადასახადი და დამატებითი ღირებულების გადასახადი]. ასევე, ფასები და უძრავი ქონება საქართველოში უფრო იაფია სომხეთთან შედარებით. სომხეთის სავაჭრო ცენტრში ერთი კვადრატული მეტრის ქირის ღირებულება 50 აშშ დოლარია.
“შენი სახელმწიფო შენი მტერია, ამბობენ სომხეთში. საქართველოში სახელმწიფო კი პარტნიორია. მინდა, რომ სომხეთი საქართველოს დაემსგავსოს ამ კუთხით. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ინსტანციებში მე არ მინახავს კორუფცია. ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც სომხეთის მოქალაქეს, რომელიც ქრთამის მიცემას არის შეჩვეული, ფული ქართველი ჩინოვნიკისთვის შეუთავაზებია. საპასუხოდ კი, ან პოლიცია გამოუძახებიათ, ან გაუფრთხილებიათ”, – ამბობს მედია-ჰოლდინგ “ანტარესის” აღმასრულებელი დირექტორი არმენ მარტიროსიანი, რომელიც სომხეთსა და საქართველოში საქმიანობს.

მარტიროსიანი გვიყვება, რომ მათი კომპანია წლების წინ საქართველოში ჟურნალს გამოსცემდა და მის რეალიზაციას სომხეთშიც ახორციელებდა, თუმცა სომხეთის საბაჟო სამსახურმა იმდენი ხნით დააყოვნა საბაჟოზე, სანამ ჟურნალის მასალებმა აქტუალობა არ დაკარგა. მარტიროსიანი ამბობს, რომ სომხეთმა ეს ბიზნესი გაუნადგურა.

მარტიროსიანის თქმით, ორივე ქვეყნის ექსპორტის პირობების შედარებაც არ შეიძლება:

“სომხეთიდან საექსპორტო საქონელზე, მაგალითად, ერთ სატვირთო ავტომობილზე, რომელსაც შეუძლია ერთი ტონა წიგნის გადაზიდვა, იძულებული ვართ 90 აშშ დოლარი გადავიხადოთ, საქართველოში ექსპორტისთვის ფულს არ იხდი, პირიქით, მას აქვს სახელმწიფოს ხელშეწყობა. საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთში ბიზნესს ძარცვავენ და მისი განვითარებით დაინტერესებული არ არიან”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
არმინე ავატისიანი არის ჟურნალისტი სომხეთში. ის მუშაობს 1in.am -ში და პერიოდულად თანამშრომლობს ნეტგაზეთთან 2016 წლის მაისიდან