ახალი ამბები

დაიწყოს ნარკოპოლიტიკის შეცვლა – დაგეგმილი საპროტესტო აქციები და საკანონმდებლო ინიციატივები

7 დეკემბერი, 2016 • 2325
დაიწყოს ნარკოპოლიტიკის შეცვლა – დაგეგმილი საპროტესტო აქციები და საკანონმდებლო ინიციატივები

ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები გეგმავენ საპროტესტო აქციებს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ დაიწყონ მუშაობა არსებული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად საკანონმდებლო ცვლილებებზე.

პლატფორმამ 7 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო რესურსები უნდა იყოს მიმართული პრევენციის, ზრუნვის და დახმარების პროგრამაზე და უნდა შეწყდეს სამართალდამცავთა მიერ მომხმარებლის დევნა. ცვლილებები უნდა შეეხოს როგორც მსუბუქ, ასევე, მძიმე ნარკოტიკებს.

როგორც პლატფორმის წევრი ორგანიზაციის, EMC-ის წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ განაცხადა, დღეა პლატფორმა გამოხატავს მზადყოფნას, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებთან შემუშავდეს თანამშრომლობის რეჟიმი და დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივებზე.

იმნაძის თქმით, საკანომდებლო ცვლილებები ძირითადად უნდა მოიცავდეს:

[checklist]

  • ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზებას;
  • ნარკოტიკული ნივთიერებების დოზირებების ადეკვატურად განსაზღვრას;
  • სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული დანაშაულებისთვის

[/checklist]

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ნარკოპოლიტიკის პლატფორმის წევრები შეხვდნენ  პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსულ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსაც.

ამ შეხვედრაზე “ქართულ ოცნებასთან” სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. თუმცა, იმნაძის თქმით, თანამშრომლობის ფორმატი, სადაც საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდება, ჯერ არ შექმნილა. მისი თქმით, 7 დეკემბრის კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ მსგავსი ფორმატის შექმნის დაჩქარეაბა იყო.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პატფორმის პრეზენტაცია. 07.12.2016 ფოტო: EMC

 

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის პრესკონფერენცია. 07.12.2016 ფოტო: EMC

“ამ სამუშაო ფორმატში არ უნდა მოხდეს რაღაც საკითხების დაჩქარებული წესით გავლა. პირიქით, საერთოდ არ მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უახლოეს ერთ ან ორ კვირაში არის ცვლილებები გასატარებელი. პრობლემა არის უფრო სისტემური და ცვლილებებიც, შესაბამისად, უფრო ფართომასშტაბიანი უნდა იყოს. მზად ვართ, შევიდეთ ამ სამუშაო ფორმატში ხანგრძლივი პერიოდით სამუშოდ და რეალურად დავდოთ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სრულყოფილად გამოეხმაურება დღეს არსებულ გამოწვევებს,”-განაცხადა გურამ იმნაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ამავე მოთხოვნებით დაიგეგმა საპროტესტო აქციებიც.

კერძოდ, დღეს, 7 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (Genpud) აქცია-პერფორმანსს გეგმავს.  როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თემო ხარატიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, აქციის მთავარი მესიჯია “კანონი კლავს”.

“ეს ერთგვარი გამოხმაურებაა ამ ზაფხულს დემურ სტურუას ამბავზე. თუმცა, ზოგადად, რეპრესიულ და მხოლოდ ადამიანების დასჯაზე ორიენტურებულ ნარკოპოლიტიკას ვაპროტესტებთ,”- განაცხადა თემო ხარატიშვილმა.

რაც შეეხება 10 დეკემბრის აქციას, ის პლატფორმაში შემავალი კიდევ ერთი ორგანიზაციის, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ არის ორგანიზებული.

“10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ჩვენ, საზოგადოება, საბოლოდ ვაცხადებთ, რომ ამოიწურა დრო, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო სახელმწიფო პოლიტიკა საკუთარი ძალადობის ინსტრუმენტებად აქცევდა, სტატისტიკის, ბიუჯეტისა და ციხის შესავსებად იყენებდა,”- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად მათ ვიდეორგოლიც მოამზადეს:

მასალების გადაბეჭდვის წესი