ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტება 104 “მრჩევლის” ფუნქციებზე

6 დეკემბერი, 2016 • 1954
სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტება 104 “მრჩევლის” ფუნქციებზე

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო და სამედიცინო დეპარტამენტებში, ჯამში, 104 მრჩეველი იმუშავებს. ამის შესახებ მთავრობის  შესაბამისი განკარგულება ძალაში 2016 წლის 26 დეკემბრიდან შევა.

როგორც განკარგულებაში წერია, 104 მრჩევლიდან ორი უშუალოდ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველია, რომელთა თანამდებობრივი სარგო 2070 ლარი იქნება. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში 6 მრჩეველი იმუშავებს, რომლებიც ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 1200 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, სამინისტროს ეყოლება კიდევ 88 მრჩეველი, რომელთა ანაზღაურება ასევე 1200 ლარი იქნება.

სასჯელაღსრულების სამინისტროში საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ბაია ცანავას განმარტებით, მრჩევლები სამინისტროს დეპარტამენტების რიგითი თანამშრომლების პოზიციებზე მუშაობენ და ეს სახელი მხოლოდ იმიტომ ჰქვიათ, რომ მთავარი სპეციალისტებისგან განსხვავდებოდნენ.

“ზოგი მრჩეველია, დანარჩენი მთავარი სპეციალისტია, სპეციალისტია, დეპარტამენტის უფროსია, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა, სამმართველოს უფროსია და ა.შ. ყველა დეპარტამენტს ჰყავს და მრჩეველი არის ერთ–ერთი რიგითი თანამშრომელი და სამინისტროში შემავალ სხვადასხვა დეპარტამენტებში მუშაობენ. ძალოვანი ნაწილი რომელიცაა, პენიტენციური ნაწილი, რომლებიც უშუალოდ ციხეებში მსახურობენ, იქ ამ ტიპის პოზიციას ჰქვია მთავარი ინსპექტორი,” – ამბობს ცანავა.

კითხვაზე, თუ რისთვის არის საჭირო ამდენი ე.წ. მრჩეველი და რა ფუნქციას ასრულებენ ისინი სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებში, ცანავა ამბობს:

“ეს მრჩეველი კი არ არის. პოზიციას ჰქვია “მრჩეველი”. გადმოგიგზავნით მათ ფუნქციებს. რასაც აკეთებს მთავარი სპეციალისტი, დაახლოებით იმას აკეთებენ, მაგრამ კატეგორიებად იყოფა მათი ფუნქციები. ყველა დეპარტამენტს თავისი თანამშრომლის ფუნქცია მრჩევლის პოზიციაზე აქვს ბრძანებით გაწერილი.  დეპარტამენტის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩემთან მრჩეველი რომ მუშაობს, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, მას განსაზღვრული აქვს თავის ფუნქციები. სამედიცინო დეპარტამენტის მრჩეველს სხვა ფუნქციები აქვს განსაზღვრული, ბუნებრივია. გენერალური ინსპექციის ან ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მრჩეველს თავისი სპეციფიკური ფუნქცია აქვს და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი, რიგითი საჯარო მოხელე, რომელიც ამ კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობს. პირდაპირ წერია ყველა კანონში, რომ ეს არ არის დარღვევა. სტრუქტურას რომ ადგენს სამინისტრო, ის განსაზღვრავს, რამდენი სპეციალისტი და რამდენი მთავარი სპეციალისტი სჭირდება. ეს ოდითგანვე ასე იყო. ნუ აგერევათ ერთმანეთში: მრჩეველი რადგან ჰქვია სახელი, მაშინ რა საჭიროა ამდენი მთავარი სპეციალისტი? რაღაც ხომ ერქვას იმ თანამშრომელს; ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ერთმანეთისგენ განსხვავდებოდნენ სხვადასხვა სახელებით.”

ბაია ცანავა მიიჩნევს, რომ ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი თემა და მკითხველი მხოლოდ სათაურის გამო აკრიტიკებს სამინისტროს. მას სავარაუდოდ. მხედველობაში ჰქონდა მკითხველის რეაქციების სასჯელაღსრულების სამინისტროში მრჩევლების რაოდენობაზე, რომელიც  “ლიბერალმა” გამოაქვეყნა.

შენიშვნა: სასჯელაღსრულების სამინისტრომ ამ თემაზე 6 დეკემბერს საღამოს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ “ სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩევლები დასაქმებულნი და გადანაწილებულნი არიან სამინისტროს 14 სტრუქტურულ  ერთეულში – დეპარტამენტებსა და სამსახურებში. მათი საქმიანობის სპეციფიკა კონკრეტული დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს მიხედვით განისაზღვრება. სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩევლის მოვალეობაა უზრუნველყოს დეპარტამენტის/სამსახურის გამართული ფუნქციონირება და დაკისრებული ამოცანების სათანადოდ შესრულება”. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 2009 წელს შეიქმნა და სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩევლის შტატი უწყების შექმნის დღიდან არსებობს. “მსგავსი  პოზიცია  გათვალისწინებულია თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, მათ შორის კატეგორიებისა და საფეხურების მიხედვით”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი