ახალი ამბებისამართალისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის მოქალაქე 2008 წელს საქართველოში გამოგზავნილი sms-ის გამო დააპატიმრეს

6 დეკემბერი, 2016 • 3498
რუსეთის მოქალაქე 2008 წელს საქართველოში გამოგზავნილი sms-ის გამო დააპატიმრეს

“meduza”-ს ინფორმაციით, რუსეთში 2016 წლის მარტიდან სასჯელს იხდის სოჭში მცხოვრები 46 წლის ოქსანა სევასტიდი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო ღალატში წარუდგინეს. გამოცემა  აღნიშნულ ინფორმაციას  კოლონიაში მყოფ ბრალდებულთან ინტერვიუს საფუძველზე აქვეყნებს.

საქმე შეეხება 2008 წელს საქართველოში   ნაცნობთან გამოგზავნილ sms-ს.

ინტერვიუში ოქსანა სევასტიდი ამბობს, რომ შეტყობინება 2008 წლის აპრილში გაგზავნა ნაცნობთან და არა აგვისტოში, როგორც ბრალდების მხარე აცხადებს:

“ვნახე, რომ მატარებლით სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ. ეს სხვებმაც ნახეს. ბევრი დამსვენებელი იყო. ფოტოებსაც იღებდნენ. მე ამ შინაარსის sms გავგზავნე 2008 წლის აპრილში და არა აგვისტოში”, – ამბობს ოქსანა.

პატიმარი აცხადებს, რომ შეტყობინება საქართველოში მცხოვრებ ნაცნობ პირს გაუგზავნა, რომელიც იმ დროისთვის ძალოვან უწყებაში მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ ინფრომაცია არ ჰქონია.

ქალი ამბობს, რომ მისი ოჯახი 1994 წლამდე აფხაზეთში ცხოვრობდა და ომის შემდგომ წლებში საცხოვრებლად სოჭში გადავიდა. აფხაზეთში ცხოვრების დროს დაცვის სამსახურში დისპეტჩერად მუშაობდა. პირი კი, რომელსაც 2008 წელს შეტყობინება გაუგზავნა, აფხაზეთში მისი სამსახურის ხელმძღვანელის 30 წლის შვილი იყო.

საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე რუსეთის მოქალაქე მხოლოდ 2015 წლის მარტში დაიბარეს და დაკითხვის დღესვე დააპატიმრეს. წელიწადნახევრის განმავლობაში ოქსანა სევასტიდი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამ დროისთვის საქმეზე გასაჩივრების პროცედურები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი