ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება ავტომობილების უტენდეროდ შესყიდვაზე

6 დეკემბერი, 2016 • 3785
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება ავტომობილების უტენდეროდ შესყიდვაზე

“ავტომობილების ჩანაცვლებისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითხოვს ტენდერის ჩატარებას, შესაბამისად, შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული გზით,” – ეს განცხადება საქართველოს სკაონსტიტუციო სასამართლომ 139 700 ლარად ორი ავტომობილის ტენდერის გარეშე ყიდვასთან დაკავშირებით გაავრცელა.

“2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ერთი ავტომობილის ექსპლუატაციიდან ამოღება. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ავტოპარკის 90% არის მოძველებული და საჭიროებს გადაუდებელ განახლებას. შესაბამისად, არსებობდა ახალი ავტომობილების შეძენის საჭიროება. ამიტომ სასამართლოს თავმჯდომარემ მის სარგებლობაში არსებული ორი ავტომობილიდან უარი თქვა ერთ- ერთის გამოყენებაზე, რათა დაზოგილიყო 2 ავტომობილისათვის საჭირო ხარჯები, სანაცვლოდ კი სასამართლომ შეიძინა ავტომობილები იმ მოსამართლეებისათვის, რომელთა ავტომობილებიც ყველაზე მეტად იყო გამოსული მწყობრიდან და შეკეთება უკავშირდებოდა მნიშვნელოვან ხარჯებს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, შესყიდვის შედეგად 2004 წელს და 2007 წელს წარმოებული ავტომობილები ორი ახალი ავტომობილით ჩანაცვლდა:

“საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც სასამართლოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მომავალშიც აქტიურად აპირებს გაატაროს ღონისძიებები საკონსტიტუციო სასამართლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად, რათა სასამართლოს ყველა წევრსა და თანამშრომელს შეუქმნას მუშაობის ღირსეული პირობები. ავტომობილების ჩანაცვლებისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითხოვს ტენდერის ჩატარებას, შესაბამისად, შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული გზით”

1 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ტოიტა ცენტრი – თეგეტასგან ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი წესით ორი  Toyota Rav4 შეიძინა. ავტომობილების ჯამური ღირებულება  139 700 ლარია. ამის შესხებ ინფორმაცია თავდაპირველად “on.ge”- მ გაავრცელა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი