ახალი ამბებისაზოგადოება

PISA: მოსწავლეების ქულებით საქართველო ყველაზე დაბალი შედეგების ქვეყნებს შორისაა

6 დეკემბერი, 2016 • 36205
PISA: მოსწავლეების ქულებით საქართველო ყველაზე დაბალი შედეგების ქვეყნებს შორისაა

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” [PISA] 2015 შედეგების თანახმად, კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში 15 წლის მოსწავლეების შეფასების  მიხედვით, საქართველომ მონაწილე 72 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა და სამივე საგანში მიღებული ქულებით საბოლოოდ 62-ე ადგილზეა.

კვლევა მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკის მქონე 72 ქვეყანაში  2000 წლიდან მოყოლებული 3 წლის ინტერვალით ტარდება და მოზარდებში კითხვის, მათემატიკასა და მეცნიერებებში უნარებს აფასებს. თავად კვლევის კოორდინატორი ორგანიზაციაც და კვლევაც მნიშვნელოვანი რეპუტაციით სარგებლობს მსოფლიოში. ბოლო კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით 540 000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

მეცნიერებაში კვლევის საშუალო ქულა 493-ია, საქართველოს მაჩვენებელი კი 411-ია, თუმცა, წინა კვლევის შედეგებს თუ შევადარებთ, ქვეყნის მონაცემი 23 ქულითაა გაუმჯობესებული. რაც შეეხება მათემატიკას, აქ საშუალო ქულა 490-ია, საქართველოს 404 ქულა აქვს, წინა კვლევასთან შედარებით ქვეყანამ მაჩვენებელი 15 ქულით გააუმჯობესა. კითხვაში საშუალო ქულა 493-ია, საქართველოს კი 401 ქულა აქვს. კითხვის ნაწილში ქვეყანამ მონაცემი 16 ქულით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ საქართველო არ მონაწილეობდა 2012 წლის კვლევაში, რადგან მანამდე განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, საქართველომ უარი თქვა საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობაზე. რასაც 2015 წლის მონაცემებს ვადარებთ, 2009 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებია.

Create your own infographics

შედეგებით პირველ ადგილას სინგაპურია, მას მოსდევს იაპონია, ესტონეთი, ჩინეთი, ფინეთი, კანადა და ვიეტნამი. ამ ქვეყნებს საუკეთესო შედეგები აქვთ.

PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს.

PISA-ს მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი