ახალი ამბები

ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ პროკურატურა დამკვეთებს დასჯის

6 დეკემბერი, 2016 • 2310
ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ პროკურატურა დამკვეთებს დასჯის

“ჯაშუში ფოტორეპორტიორების” საქმეზე ერთ-ერთი ბრადებული, გიორგი აბდალაძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო მათ საქმეზე არა მხოლოდ შემსრულებლებს, დამკვეთებსაც დასჯის.

დღეს, 6 დეკემბერს, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, ხელახალი გამოძებით დადგინდა, რომ ფოტორეპორტიორების საქმეზე ბრალდებული ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები უდანაშაულონი იყვნენ და მათი განაჩენის გადასასინჯად სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

პროკურატურის განცხადებით, ფოტორეპორტიორების საქმეზე ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების  ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავეს, ხოლო  N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოიტანეს დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ფოტორეპორტიორები 2011 წლის 7 ივლისს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. საქმეს გრიფი საიდუმლო ედო. ნათია გედენიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან, დანარჩენი სამი ფოტოგრაფი კი – საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 2013 წლის 22 ივლისს. წაყენებულ ბრალდებაში ფოტორეპორტიორები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ, თუმცა მოგვიანებით ოთხივემ აღიარა ბრალი.

როგორც პროკურატურამ დღეს განაცხადა, ფოტორეპორტიორების აღიარებითი ჩვენებები მათზე განხორციელებული ზეწოლის საფუძველზე მიიღეს.

“ეს რთული და რეზონანსული საქმე იყო. ჟურნალისტების პროტესტი რომ არა, ჩვენი საქმე როგორ დამთავრდებოდა, კაციშვილმა არ იცის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ წინასწარ ვხვდებოდით საპყრობილეში, თუ როგორი  და რა მეთოდებით აპირებდნენ გასწორებას ჩვენთან. იმედი მაქვს, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენთვის, დამკვეთებამდე მივიდეთ. ვინ მიიღო გადაწყვეტილება იმისა, რომ ეს უკანონო ბრძანებები გაეცა. შემსრულებელი იყო ერთ-ერთი დევნოზაშვილი, რომელიც მერვე საპყრობილეში იმყოფებოდა ჩვენთან ყოველდღიურ კონტაქტზე. ჩემი ვარაუდი დღემდე არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი დამკვეთი, ბრძანების გამცემი, ვანო მერაბიშვილი, უტიაშვილი, ყველა ის ადმაიანი, რომლებიც იმ პერიოდში იღებდნენ გადაწყვეტილებას,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ.

ირაკლი გედენიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათზე შური იძია იმ ფოტოების გამო, რომელზეც აღბეჭდილი იყო 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევა.

“ფაქტობრივად, დამტკიცებულია ის, რომ ჩვენმა გადაღებულმა ფოტოებმა რეზონანსი გამოუწვია როგორც უცხოურ მედიაში, ისე ქართულ მედიაში. ეს იყო შურისძიება იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან, ეს იყო დასჯა…  იქნება ჩვენი გამამართლებელი განაჩენი, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ისეთი მტკიცებულებები და დოკუმენტები დევს საქმეში, რომ ჩვენზე ხორციელედებოდა ზეწოლა და ეს იყო შეკერილი საქმე,”- განაცხადა ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ.

ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

კითხვაზე, თუ მოითხოვენ სახელმწიფოსგან კომპენსაციას, ირაკლი გედენიძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე მთავარია, სასამართლომ მათ უდანაშაულობა ცნოს:

“კომპენსაციას არ ვითხოვთ ამ ეტაპზე. ჩვენთვის მთავარია გამართლება და ჩვენ აღარ ვიქნებით ოფიციალური ჯაშუშები,”- განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოგრაფმა, ზურაბ ქურციკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  2011 წელს, დაკავების შემდეგ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

“სანამ მიმიყვანდნენ მოდულის შენობაში, ამიყვანეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც იყო ცემა, ჯიკავი, დაშინება… “- განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.

ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი