ახალი ამბები

ნარმანიამ გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრა დაავალა

6 დეკემბერი, 2016 • 2408
ნარმანიამ  გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრა დაავალა

თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,   დავით ნარმანიამ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრა დაავალა.

მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ზამთრის განმავლობაში იჭრება ხეები, რადგან გაზაფხულზე დაავადება აქტიურდება. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის განცხადებით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მეცნიერებისგან მიიღო წერილი, სადაც ხაზს უსვამენ აღნიშნულ პრობლემას ქალაქში.

„ისინი მოგვიწოდებენ, რომ გამკაცრდეს ყურადღება ასევე კერძო ნაკვეთებში, სადაც არსებობს დაავადებული კორომები, მოხდეს მონიტორინგი არა მხოლოდ მუნიციპალურ ტერიტორიებზე, არამედ კერძო ნაკვეთებში. გასულ წელს დაგვეხმარა ცენტრალური მთავრობა და კარგია, თუ წელსაც იქნება ამის შესაძლებლობა,“ – განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

თბილისის მერმა 2016 წლის საშემოდგომო გამწვანების სეზონი შეაჯამა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, საშემოდგომო რგვების ფარგლებში 80 ათასამდე ხე დაირგო:

„მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე,  თბილისის ზღვის მიმდებარედ და ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ ზეთისხილის ბაღები გაშენდა. გარდა ამისა, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფ ქედზე დაიწყო ნუშის ბაღების გაშენება.  ამ სეზონზე აქცენტი ავიღეთ მაღალი ხეების დარგვაზე. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა მდინარე ვერეს სანაპიროსთან გაშენებული ხეივნის საკითხს, რომლის ხმობასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. აქ გახარების მაღალი მაჩვენებელია. გაზაფხულზე დარგული ხე-მცენარეების  88%-მა გაიხარა და ჩანაცვლდა მხოლოდ 12%, ისე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები დახარჯული არ ყოფილა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი