IDFI საკონსტიტუციოში სასამართლოს გადაწყვეტილების გაცემის არსებულ წესს ასაჩივრებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში  სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული რეგულირება გაასაჩივრა.

IDFI-ის მიერ გასაჩივრებული (სადავო) ნორმები განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებებიდან პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის, მათ შორის, საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოთხოვის წესს. სადავო რეგულირების თანახმად, პერსონალური მონაცემების შემცველ სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჯაროება დაუშვებელია, თუ განმცხადებელი პირდაპირ ან ირიბად შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია იმ პირებზე, ვის მიმართაც ეს გადაწყვეტილება არის გამოტანილი.

ორგანიზაცია სადავო ნორმების კონსტიტუციასთან შეუსაბამობას შემდეგნაირად ასაბუთებს:

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო სხდომები არის საჯარო და შეიძლება დაიხუროს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კონსტიტუციის ამ დათქმის საპირისპიროდ, სადავო ნორმები კრძალავს პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლო გადაწყვეტილების გაცემას იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გადაწყვეტილება საჯარო სხდომის შედეგად არის მიღებული.

სადავო ნორმების თანახმად, გადაწყვეტილების გამჟღავნება დაუშვებელია მაშინაც, თუ პერსონალური მონაცემები უკავშირდება ყოფილი/ამჟამინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ამასთან, სადავო ნორმები არც იმ შემთხვევებში ითვალისწინებს პერსონალური მონაცემის შემცველი გადაწყვეტილების გასაჯაროების შესაძლებლობას, როდესაც საქმის მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.

იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება შეიცავს პერსონალურ მონაცემს, შეიძლება დავასკვნათ, რომ სადავო ნორმები ადგენენ სასამრთლო გადაწყვეტილებათა გაუცემლობის ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, დაინტერესებულ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეებზე,”- აცხადებს IDFI.

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამიტომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მხოლოდ ინფორმაცია სასამართლოს პრაქტიკის განვითარების ზოგადი ტენდენციების შესახებ, არამედ მოსამართლის არგუმენტაციაც და გადაწყვეტილებებიც კონკრეტულ დავებთან დაკავშირებით.

IDFI ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის და 44-ე მუხლის, ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი