ახალი ამბები

აუდიტორია #115 განაგრძობს VI კორპუსის პიკეტირებას განათლების კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ

5 დეკემბერი, 2016 • 2826
აუდიტორია #115 განაგრძობს VI კორპუსის პიკეტირებას განათლების კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ

5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ, სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია #115”-ის წევრებმა გადაწყვიტეს, განაგრძონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირება. ისინი აქ უკვე მე-13 დღეა გამაგრებული არიან.

“მიუხედავად იმისა, რომ იყო აშკარა განწყობა კომიტეტის წევრებისა, რომ აუცილებელია ცვლილებები და რეფორმები სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ჩვენ აქ ვრჩებით მინიმუმ შემდეგ შეხვედრამდე. დავამუშავებთ იმ საკითხებს, რომელიც განათლების კომიტეტმა დღეს შემოგვთავაზა. მას შემდეგ, რაც ჩვენს მოთხოვნებს მათ კითხვებზე პასუხებთან ერთად არგუმენტირებულად მივიტანთ პარლამენტში, შესაძლებელი იქნება, ოფიციალურად დარეგისტრირდეს კანონპროექტი [განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ] და დაიწყოს საკომიტეტო მუშაობა. ამის შემდეგ განვიხილავთ მე-6 კორპუსიდან გამოსვლის საკითხს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გიორგი არობელიძემ, “აუდიტორია #115”-ის აქტივისტმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ “აბსოლუტურად იზიარებს” სტუდენტების მოთხოვნებს: “სტუდენტების თანაბარი უფლება უნდა იყოს გარანტირებული, როგორც საფაკულტეტო საბჭოს წევრის არჩევისას, ასევე, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. მაქსიმალურად სწრაფად შემუშავდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ. მე ამ პროცესს დავარქმევდი აქციიდან კონსტრუქციამდე გზას”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

“მე სტუდენტებს ვთავაზობ სამუშაო ფორმატს – 5 ბლოკად შემუშავებული 12 კითხვა, რომელიც ეხება როგორც საქართველოში დღეს არსებული პრაქტიკის ანალიზს, ასევე, საერთაშორისო დონეზე, როგორც ევროკავშირის და აშშ-ის, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების გამოცდილებას. რეალურად შევაჯეროთ გამოცდილებები და უკვე დასაბუთებული ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ შემდგომი მსჯელობა და შეიკრას პაკეტი, რომლითაც დაიწყება საკანონმდებლო ინიციატივა კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან ეს კითხვები ორივე მხარეს გადასცდა. აუდიტორია #115-ს მომზადებული აქვს კანონპროექტი, თუმცა ჯერჯერობით პარლამენტში ოფიციალურად არ შეუტანიათ.

“გაგვიზიარეთ, როგორაა სტუდენტური თვითმმართველობა საკანონმდებლო დონეზე რეგულირებული ევროკავშირის ქვეყნებში, როგორაა იგივე საკითხი რეგულირებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ა.შ”, – როგორც არობელიძე ამბობს, კითხვები მსგავსი შინაარსისაა. კომიტეტისა და სტუდენტების შეხვედრის დასრულებისას კომიტეტის თავმდჯომარემ სტუდენტებს 2-კვირიანი პერიოდი შესთავაზა მის მიერ შემუშავებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად და საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად, თუმცა, როგორც “აუდიტორია #115-ის” წევრები ამბობენ, მათ ამ კითხვებზე აქამდეც ჰქონდათ ნაფიქრი და გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებათ.

განათლების კომიტეტის შეხვედრა სტუდენტირ თვითმმართველობასთან და აუდიტორია 115-თან. 05.12.2016. ფოტო: სქრინშოტი პარლამენტის ვებსაიტის პირდაპირი ეთერიდან

განათლების კომიტეტის შეხვედრა სტუდენტირ თვითმმართველობასთან და აუდიტორია 115-თან. 05.12.2016. ფოტო: სქრინშოტი პარლამენტის ვებსაიტის პირდაპირი ეთერიდან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მრავალი წელია, თვითმმართველობის გაუქმებასთან ერთად, განათლების რეფორმებს ითხოვენ. აუდიტორია #115 კი 2016 წლის მარტიდან მართავს ამ და სხვა მოთხოვნებით აქციებს. საპროტესტო აქციები სტუდენტურმა მოძრაობამ ახალი სასწავლო წლიდან განაახლა. მათ ჯერ 24 ნოემბერს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავეს, შემდეგ კი, 25 ნოემბერს, თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ “აუდიტორიას” შვიდი საარჩევნო უბანი თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა პიკეტირებული, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მაინც შედგა. თსუ-ის ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში 2436-მა სტუდენტმა მისცა ხმა და 140 დელეგატი აირჩია. ცესკომ აარჩევნები ლეგიტიმურად ცნო. შედეგად, სტუდენტებმა გადაწყვიტეს, მე-6 კორპუსი არ დაეთმოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი