ახალი ამბები

პარლამენტში აზარტული თამაშის მოსაკრებლის ზრდაზე კანონპროექტი შევიდა

5 დეკემბერი, 2016 • 2549
პარლამენტში აზარტული თამაშის მოსაკრებლის ზრდაზე კანონპროექტი შევიდა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით მიმართა, რომლის მიხედვით, სათამაშო ბიზნესში მოსაკრებლის რაოდენობა იზრდება.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდი კალენდარული წლის ნაცვლად, კალენდარული თვით განისაზღვრება.  კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავალი, სავარაუდოდ, 20 მილიონი ლარით გაიზრდება.

“სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” მომზადებული კანონპროექტის თანახმად, გადასახადები ორმაგდება. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა განსაზღვრულია კვარტალში 15 000 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით. ხოლო კანონპროექტით,  20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე განისაზღვრება.

თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებლის განაკვეთი მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია 1500 ლარიდან 3 000 ლარის ჩათვლით. ცვლილებების მიხედვით კი, ეს ზღვარი 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე იზრდება.

ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი 100 000 ლარიდან 120 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრება, ხოლო დღეს მოქმედი ნორმით, ეს ზღვარი 30 000 ლარიდან 60 ათას ლარამდეა.

იზრდება მომგებიანი თამაშობის სალაროს განაკვეთიც. დღეს სალაროს მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 1000 ლარიდან 15 000 ლარამდეა, ხოლო ცვლილებებით, 1500 ლარიდან 20 00 0ლარამდე იზრდება.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი კანონით,  თითოეული კლუბის მაგიდაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში  3 000 ლარიდან 10 000 ლარამდეა განსაზღვრული. ახალი კანონპროექტით კი, ეს ზღვარი 4000 ლარიდან 14 000 ლარის ფარგლებში იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი