ახალი ამბები

ომბუდსმენი მთავრობას: დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოებისათვის

5 დეკემბერი, 2016 • 3072
ომბუდსმენი მთავრობას: დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოებისათვის

სახალხო დამცველი სამართალდამცავებს მოუწოდებს, ჭიათურის მანგანუმის მაღაროში 3 დეკემბერს ელმავლის მემანქანის დაღუპვის ფაქტი სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ, საქართველოს მთავრობას კი მოუწოდებს, დაუყონებლივ დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

“ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს”, – განაცხადა სახალხო დამცველმა 5 დეკემბერს. მისი განცხადებით, აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას.

3 დეკემბერს ჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევას ელმავლის მემანქანე, 53 წლის პაატა ღავთაძე ემსხვერპლა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა, თამაზ დოლაბერიძემ აცნობა, შემთხვევა მოხდა 3 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე. “ელმავლის მოძრაობის დროს, როგორც მეუბნებიან, მეორე ლიანდაგზე იდგა ვაგონები და ვიზუალური აღქმა რომ მოეხდინა, თავი გამოყო ელმავლიდან. ამ დროს მეორე პარალელურ ლიანდაგზე მდგომ ვაგონებს მიარტყა თავი”, – ამბობს პროფკავშირების ხელმძღვანელი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევით.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის [EMC] მონაცემებით, 2011-15 წლებში საქართველოში 212 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 691 კი დაშავდა. ხოლო, როგორც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, გოჩა ალექსანდრია ამბობს, 2016 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში, შსს-ის მონაცემებით, სამუშაო ადგილზე 40 ადამიანი დაიღუპა.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), N129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), N155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების პროცესი.

წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: “შრომითი უფლებები ჰაერში

მასალების გადაბეჭდვის წესი