ახალი ამბებისამართალი

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას სთხოვენ

5 დეკემბერი, 2016 • 3422
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტისგან ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას მოითხოვენ.

ამ დოკუმენტზე  ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე.

რატიფიცირების აუცილებლობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, 5 დეკემბერს, სასტუმრო “რუმს თბილისში” კოალიცია “თანასწორობისთვის”  ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.  კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირბაზე იმსჯელეს. კონვენციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და კონვენციის რატიფიცირება ამ დრომდე ჭიანურდება.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კონვენციის რატიფიცირება მეცხრე მოწვევის პარლამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. მისივე თქმით, კონვენცია ქალებს უფრო დაიცავს ძალადობისგან:

“კონვენციის რატიფიცირება და ცხოვრებაში იმპლემენტაცია ქალებს უფრო დაიცავს ძალადობისგან და სახელმწიფოს ექნება ეფექტური შესაძლებლობა, ინსტრუმენტები და მეთოდები იმისათვის, რომ სწორად და წარმატებით ებრძოლოს ქალთა მიმართ ძალადობას, მათ შორის ოჯახში ძალადობას.”

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, სამინისტროს მზად აქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობას მალე წარედგინება:


“მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება ეს პაკეტი.  ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ეფექტურს გახდის და დაცვის უფრო ეფექტურ მექანიზმებს ჩამოაყალიბებს. “

ჩანაწერი ფემიციდისა და სექსუალური შევიწროების შესახებ

კონვენცია საქართველოს არ ავალდებულებს, შეიქმნას სპეციალური მუხლი, რომელიც ფემიციდსა და სექსუალურ შევიწროებას ეხება, თუმცა მერვე მოწვევის დეპუტატის, თამარ კორძაიას აზრით, არც ერთი კონვენცია  კრძალავს უკეთესი რეგულაციების დაწესებას:


“როგორც წესი, კონვენციებში ყველაფერი პირდაპირ არ წერია, თუმცა კონვენცია არ კრძალავს იმაზე მეტი კარგი რეგულაციის დაწესებას, რაც გათვალისწინებულია. კონვენციის რატიფიცირება და მისი თანმდევი პაკეტები რეალობის ადეკვატური უნდა იყოს.”

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს საკითხები აქტუალურია და სამინისტროს თვალთახედვის არეალშია.

კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ძალიან კარგია, თუმცა, არასრულყოფილი. ბაია პატარაიას თქმით, სამინსიტროს მომზადებულ პაკეტში უნდა შევიდეს გენიტალიების დასახიჩრების შესახებ ჩანაწერი:

“გენიტალიების დასახიჩრების მუხლი არ არის, რაც უნდა შედიოდეს. სექსუალური შევიწროება არ არის, რაც უნდა შედიოდეს. რაც შეეხება ფემიციდს, ამაზე დებატი უნდა განახლდეს. ეს შესაძლოა როგორც ცალკე მუხლად შევიდეს, ასევე დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალოს. თუ იუსტიციის სამინისტრო არ გახნის ამ პაკეტს დამატებების შესატანად, პარლამენტში უნდა გაიხსნას.”

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში დეპუტატები ამ საკითხზე იმსჯელებენ:

“ფემიციდი კონვენციის ნაწილი არ არის,  თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტმა ამ საკითხზე არ უნდა იმსჯელოს. ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია სტამბოლის კონვენციასთან. პარლამენტში არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო და მის ფარგლებში ვაპირებთ ყველა ამ საკითხზე მსჯელობას, ერთ-ერთი საკითხი იქნება ფემიციდი,” – აღნიშნავს ჩუგოშვილი.

რატომ გაჭიანურდა კონვენციის რატიფიცირება?

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობდა, საკანონმდებლო ცვლილებებზე ფართო კონსესუსისთვის მიეღწია:

“ჩვენ მიერ მომზადებული პაკეტი ეხება საკმაოდ შორს მიმავალ ცვლილებებს ქალთა ძალადობისგან დაცვის ფარგლებში. ამ პაკეტის შემუშავება ხდებოდა სხვა უწყებებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციისა და შეჯერების გზით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კანონპროექტების პარლამენტში ინიცირებამდე მეტი ლეგიტიმურობით სარგებლობდეს – ამბობს ლორთქიფანიძე და აღნიშნავს, რომ როგორც კი პოზიციები შეჯერდა, რატიფიცირების პროცესი განახლდა.”

თამარ კორძაიას ინფორმაციით, პროცესის გაჭიანურების მიზეზი ის არის, რომ მთავრობის წინა შემადგენლობა საარჩევნო სიის სავლდებულო გენდერულ კვოტირებას ეწინააღმდეგებოდა.

გოჩა ლორთქიფანიძის აზრით, კვოტირების საკითხი კონვენციის სფეროს არ განეკუთვნება:

“ეს ცალკე საკითხია, რომელიც შეჯერებას და პოლიტიკურ კონსესუსს მოითხოვს,”- აღნიშნავს ლორთქიფანიძე.

ევროსაბჭოს კონვენცია “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ქ. სტამბოლში 2011 წელს მიიღეს.   თუკი პარლამენტი სამინისტროს მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს დაამტკიცებს, დაისჯება ადევნება, სტერილიზაციის იძულება, შემაკავებელი ორდერის დასამტკიცებლად სასამართლო აღარ იქნება საჭირო და ამ მხრივ პოლიციის უფლებამოსილება გაიზრდება; მასწავლებლები ვალდებულები იქნებიან, რომ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტის შესახებ და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი