ახალი ამბები

ბიზნესსექტორის ბრუნვა და პროდუქციის გამოშვება 2016 წლის III კვარტალში გაიზარდა – საქსტატი

5 დეკემბერი, 2016 • 3999
ბიზნესსექტორის ბრუნვა და პროდუქციის გამოშვება 2016 წლის III კვარტალში გაიზარდა – საქსტატი

ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მესამე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,9%-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მესამე კვარტალში მისი მოცულობა 8,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,8%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს, – ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).

ბიზნეს სექტორის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მოცულობის ცვლილება კვარტლების მიხედვით. 05.12.2016. ფოტო: საქსტატი

ბიზნეს სექტორის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მოცულობის ცვლილება კვარტლების მიხედვით. 05.12.2016. დიაგრამა: საქსტატი

საქსტატის მონაცემებითვე, 2016 წლის მესამე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 79,9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 10,2% – საშუალო, ხოლო 9,9% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. რაც შეეხება პროდუქციის მთლიან გამოშვებას: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 79,3%, საშუალოზე – 10,9%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 9,8%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში 11,1 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,1%- ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 6,8 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,6 %-ით მეტი), – აცხადებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 606,0 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,8% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 23,5% – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 568,2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  4,1%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე – 1738,5 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9,8 %-ით მეტი).

2016 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1012,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 51,4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 739,0ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 40,9 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1160,7 ლარი,
  • საშუალო ბიზნესი – 915,6 ლარი,
  • მცირე ბიზნესი – 576,6 ლარი.

2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,2% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 12,1%-იანი წილით. შემდეგ მოდის მშენებლობა – 10,2%-იანი წილით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 9,4%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 21,2% – სხვა დარგებზე ნაწილდება.

05.12.2016. ფოტო: საქსტატი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურა 2016 წლის III კვარტალში. 05.12.2016. დიაგრამა: საქსტატი

2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,2%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა მშენებლობა (20,5%) და ვაჭრობა (16,9%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 12,8%-იანი წილით, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 8,3%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 20,3-პროცენტიანი წილი უჭირავს.

2016 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად, 25,7%, 14,1% და 10,5%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10,1%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9,8%)

ბიზნეს სექტორის დასაქმებულთა რაოდენობის სტრუქტურა 2016 წლის III კვარტალში. დიაგრამა: საქსტატი

ბიზნეს სექტორის დასაქმებულთა რაოდენობის სტრუქტურა 2016 წლის მესამე
კვარტალში. 05.12.2016დიაგრამა: საქსტატი

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

  • თბილისი – 71.1%,
  • აჭარის ა.რ. – 8.0%,
  • ქვემო ქართლი – 5.2%,
  • იმერეთი – 4.7%, 
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.1%

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: 

  • თბილისი – 66.8%,
  • აჭარის ა.რ. – 9.0%,
  • ქვემო ქართლი – 6.3%,
  • იმერეთი – 4.6%,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8%
დიაგრამა ასახავს რეგიონების (ქ. თბილისის გარდა) მიხედვით ბრუნვასა და პროდუქციის გამოშვებას (2016 წლის III კვარტალში). დიაგრამა: საქსტატი

დიაგრამა ასახავს რეგიონების (ქ. თბილისის გარდა) მიხედვით ბრუნვასა და პროდუქციის
გამოშვებას (2016 წლის III კვარტალში). დიაგრამა: საქსტატი

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საქსტატის თანახმად, რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 64.8%,
  • აჭარის ა.რ. – 9.5%,
  • იმერეთი – 7.0%,
  • ქვემო ქართლი – 5.6%,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6%
დიაგრამა ასახავს ცალკეულ რეგიონში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილებას სქესის მიხედვით. 05.12.2016. დიაგრამა: საქსტატი

დიაგრამა ასახავს ცალკეულ რეგიონში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილებას
სქესის მიხედვით. 05.12.2016. დიაგრამა: საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი