ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით ნიკოლეიშვილი დაინიშნა

5 დეკემბერი, 2016 • 7988
სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით ნიკოლეიშვილი დაინიშნა

სასაზღვრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – დავით ნიკოლეიშვილი, რომელიც აქმადე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ნიკოლეიშვილი ახალ თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 5 დეკემბერს წარადგინა.

„სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ თანამდებობის დაკავება ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლოა. მთელ ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ენერგიას იმისკენ მივმართავ, რომ განხორციელდეს დაგეგმილი რეფორმები და სასაზღვრო პოლიცია ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, წარმატებულ სტრუქტურად,“- შსს-ის პრესსამსახურის ცნობით, ასე განაცხადა დათო ნიკოლეიშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრისას 5 დეკემბერს.

სასაზღვრო პოლიციის წინა უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, რომელიც პარალელურად შინაგან საქმეთა მინსიტრის მოადგილე იყო, 2016 წლის 18 ნოემბერს მიმართა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. გამეზარდაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად “პირადი სურვილი” დაასახელა.

საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებსაიტის ინფორმაციით, დათო ნიკოლეიშვილის პროფესიული გამოცდილება ასეთია:

  • 2015 წლის ნოემბრიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი;
  • 2008-2015 წწ.  შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სხვადასხვა თანამდებობები;
  • 2005-2008 წწ. შსს ქ. თბილისის უშიშროების მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი; სამმართველოს უფროსი;
  • 2005 წ. შსს ქ. თბილისის უშიშროების მთავარი სამმართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფის უფროსი ინსპექტორი;
  • 2003-2004 წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;
  • 2002-2003 წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კანცელარიის მე-2 ქვეგანყოფილების თანამშრომელი;
  • 2000-2002 წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კადრების სამმართველოს მე-2 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების ოპერატიული თანამშრომელი.
დათო ნიკოლეიშვილი. 05.12.2016. ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დათო ნიკოლეიშვილი. 05.12.2016. ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

„ჩვენ ვქმნით 21-ე საუკუნის პოლიციას. საზღვრის დაცვის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ამასთანავე, გვაქვს ამ მიზნების მიღწევის კონკრეტული ხედვა. ვაპირებთ, დასავლური სტანდარტების შესაბამისად გავნახორციელოთ სასაზღვრო პოლიციის ყველა სფეროს მოდერნიზაცია და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, იქნება ეს სახმელეთო საზღვრის, სანაპირო დაცვის თუ სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მიმართულება. გარდა ამისა, ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის პერსონალის კარიერული განვითარებისა და ოფიცერთა მომზადების ახალი სისტემის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს, უზრუნველყოთ სასაზღვრო პოლიციის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება. ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ სასაზღვრო პოლიცია სწრაფად განვითარდება. გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა 5 დეკემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი