ახალი ამბები

იტალიის პრემიერმინიტრი აცხადებს, რომ რეფერენდუმში დამარცხების შემდეგ გადადგება

5 დეკემბერი, 2016 • 2135
იტალიის პრემიერმინიტრი აცხადებს, რომ რეფერენდუმში დამარცხების შემდეგ გადადგება

იტალიის პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ რეფერენდუმში დამარცხების შემდეგ გადადგება.

BBC-ის ცნობით, 4 დეკემბერს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე რენციმ განაცხადა, რომ ის იღებს რეფერენდუმის შედეგს, გადადგება და მოელის, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მოწინააღმდეგეები ცხადად იტყვიან საკუთარი გეგმების შესახებ.

,,არას კამპანიის” მხარდამჭერებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. მე მივულოცე გამარჯვება კამპანიის ლიდერებს. ვიმედოვნებ, რომ ისინი წარმატებულად იმუშავებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, იტალიისა და იტალიელებისთვის. დავმარცხდი და გარკვევით ვამბობ, რომ არ შემეძლო გამემარჯვა. დამიჯერეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე ამისთვის”, – განაცხადა რენციმ 4 დეკემბერს The Guardian-ის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით.

მისი დაპირებით, ორშაბათს, 5 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტის სხდომას მოიწვევს და პრეიზდენტს მიმართავს გადადგომის თხოვნის თაობაზე.

5 დეკემბრის მდგომარეობით, 4 დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი ასეთია: საკონსტიტუციო რეფორმას მხარი არ დაუჭირა 59.11%-მა (19.419.507), ხოლო 40.89%-მა (13.432.208) მხარი დაუჭირა. წინასწარი მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (50.773.284) 65%-მა (33.243.845) მიიღო.

იტალიის რეფერენდუმი. იტალიის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთა ბიულეტენები. 4.12.2016. credit: EPA/MASSIMO PERCOSSI

იტალიის რეფერენდუმი. იტალიის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთა ბიულეტენები. 4.12.2016. credit: EPA/MASSIMO PERCOSSI

რეფერენდუმი მიზნად ისახავდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას და სენატის უფლებების შეზღუდვას. CNN-ის ცნობით, რეფერენდუმის მიხედვით, სენატის წევრების რაოდენობა 315-დან 100-მდე უნდა შემცირებულიყო.

BBC-ის ევროპის განყოფილების რედაქტორის, კატია ადლერის მიმოხილვის მიხედვით, რენცის სურდა, რომ იტალიის არაეფექტური პოლიტიკა წაეხალისებინა. მისი ოპონენტები, მათ შორის რენცის დემოკრატიული პარტიიდან, მიიჩნევდნენ რომ რეფორმის შემდეგ ხელისუფლება ზომაზე მეტ ძალაუფლებას ჩაიგდებდა ხელში.

რეფორმის საწინააღმდეგო კამპანიას წარმართავდა “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა”, რომელმაც ისარგებლა რენცის პოპულარობის შემცირებით, ეკონომიკის სტაგნაციითა და აფრიკიდან მიგრანტების რაოდენობის გაზრდით. “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” ლიდერი ბეპე გრილო გამოვიდა ინიციატივით, რომ ერთ კვირაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.

რა მოხდება რენცის წასვლის შემდეგ, ეს იტალიის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. მან შესაძლოა დანიშნოს ახალი არჩევნები, ან მომავალ არჩევნებამდე, 2018 წლის გაზაფხულამდე, რენცის პარტიის წარმომადგენელს დააკისროს მოვალეობის შესრულება.

რეფერენდუმის შედეგს გამოეხმაურა ფრანგი პოლიტიკოსი, ევროკავშირის მოწინააღმდეგე, ულტრამემარჯვენე “ეროვნული ფრონტის” ლიდერი მარინ ლეპენი:

“იტალიელებმა უარი უთხრეს ევროკავშირსა და რენცის. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერების თავისუფლების წყურვილს”, – დაწერა ტვიტერზე ლეპენმა.

რენცის წასვლის წინ ევრო დოლართან მიმართებაში 1%-ით გაუფასურდა, რენცის წასვლა კი კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას შექმნის, ფიქრობენ ანალიტიკოსები, რადგან იტალია სიდიდით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა ევროზონაში.

ფრანსუა ვილეროი, საფრანგეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ასევე არის ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის განმსაზღვრელი, აცხადებს, რომ რეფერენდუმი შესაძლოა აღვიქვათ, როგორც არასტაბილურობის კიდევ ერთი წყარო.

“იტალიის რეფერენდუმი არის კიდევ ერთი წყარო არასტაბილურობის. ის არ უნდა შევადაროთ ბრიტანეთის რეფერენდუმს. იტალიელი ხალხი მივიდა საარჩევნო ყუთებთან, რომ ხმა მიეცა შიდა საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით და არა იტალიის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით”.

ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის ლიდერი ხმას სარჩევნო ყუთთან. 04.12.2016. credit: EPA/LUCA ZENNARO

ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის ლიდერი ხმას სარჩევნო ყუთთან. 04.12.2016. credit: EPA/LUCA ZENNARO

“ხუთი ვარკსვლავის მოძრაობის” ლიდერი ბეპე გრილო არის ყოფილი კომიკოსი, რომელმაც სახელი 1970-80-იან წლებში გაითქვა. 68 წლის გრილომ პარტია 2009 წელს დააარსა. მან სწორედ შოუბიზნესიდან დაიწყო პოლიტიკური სისტემის საწინააღმდეგო კამპანია, რომელმაც მემარჯვენეები და მემარცხენეები გააერთიანა.

გრილო მთავრობისგან მოითხოვდა მეტ გამჭვირვალეობას და აწყობდა “V მსვლელობებს”, რომელიც მისი განმარტებით, “V, როგორც ვენდეტას” სიმბოლოს განასახიერებდა.

ანალიტიკური ცენტრის, “ღია ევროპის” ანალიტიკოსმა, ვინჩენცო სკარპეტამ CNN-ს უთხრა, რომ “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” მოთავსება პოლიტიკურ ველზე ძალიან რთულია იმდენად, რამდენადაც მათ უარი თქვეს მემარჯვენე ან მემარცხნე ორიენტაციაზე.

სკარპეტას განმარტებით, გრილო ეწინააღმდეგება იტალიის ყოფნას ევროზონაში და მხარს უჭერს მხოლოდ ერთი ვალუტის არსებობას. იგი ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის შეთანხმებებს აშშ-სა და კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და გამოდის ინიციატივით, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს შეუმცირდეთ გადასახადები.

გრილო 1980 წელს გასამართლებულია ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. ეს შემთხვევა მას ხელს შეუშლის, იტალიის პრემიერმინისტრი გახდეს. სკარპეტა ფიქრობს, რომ ეს თანამდებობა შესაძლოა 30 წლის ლუიჯი დი მაიომ დაიკაოს, რომელიც პარლამენტის დეპუტატთა წარმომადგნელობითი ორგანოს ვიცეპრეზიდენტია.

იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენციმ გადადგომის შესახებ განაცხადა. credit: EPA/GREGOR FISCHER

იტალიის პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ გადადგომის შესახებ განაცხადა. credit: EPA/GREGOR FISCHER

მასალების გადაბეჭდვის წესი