ახალი ამბები

ჭიათურის მაღაროში ელმავლის მემანქანე დაიღუპა

4 დეკემბერი, 2016 • 2489
ჭიათურის მაღაროში ელმავლის მემანქანე დაიღუპა

3 დეკემბერს ჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევას ელმავლის მემანქანე, პაატა ღავთაძე ემსხვერპლა – ამის შესახებ ნეტგაზეთს  საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჭიათურიდან დაშავებული ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა.

“დაახლოებით 50-52 წლის იყო. დარჩა მეუღლე და ორი შვილი. შემთხვევა მოხდა 3 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე. ელმავლის მოძრაობის დროს, როგორც მეუბნებიან, მეორე ლიანდაგზე იდგა ვაგონები და ვიზუალური აღქმა რომ მოეხდინა, თავი გამოყო ელმავლიდან. ამ დროს მეორე პარალელურ ლიანდაგზე მდგომ ვაგონებს მიარტყა თავი,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას თამაზ დოლაბერიძემ.

მისივე თქმით, “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიცია დაასრულებდა შემთხვევის ადგილის შესწავლას, შექმნიდნენ კომისიას და პროფკავშრის წარმომადგენლებსაც ჩართავდნენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი