თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეულები 2016 წელს

თბილისის რიგით მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამების გამარჯვებულები გამოავლინეს. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, წელს საუკეთესო ფილმად რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი“, ხოლო საუკეთესო რეჟისორად იანივ ბერმანი დასახელდა.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის, ფრანგი მსახიობის ალექსანდა სტიუარტის განცხადებით, რუსუდან გლურჯიძის ფილმს ჯილდო მისი ორიგინალურობიდან და მაღალი ვიზუალური შესრულებიდან გამომდინარე გადაეცა. ჟიურიმ გლურჯიძის ინდივიდუალური ხედვა და ფილმის საინტერესო თემატიკა მოიწონა.

“სხვისი სახლი” აფხაზეთის ომის შემდეგ გადარჩენილი ორი ოჯახის ამბავს გვიყვება, რომლებიც ქალაქიდან მოშორებით მიტოვებულ სოფელს აფარებენ თავს. ეს არის სახლები, სადაც ომში დამარცხებულები ცხოვრობდნენ. რეჟისორის თქმით,  “სხვისი სახლი” იმ განცდებს ასახავს, რასაც ეს ადამიანები კონფლიქტურ რეგიონში, “სხვის სახლში” ცხოვრებისას განიცდიან. ფილმში მთავარ როლებს ოლგა დიოვიჩნაია, ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია და ეროვნული კნოცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ზურაბ მაღალაშვილი ასრულებენ. ფილმი საქართველოს, რუსეთის, ესპანეთისა და ხორვატიის კოპროდუქციაა.

ფილმმა საერთაშორისო კონკურსებზე უკვე დაიმსახურა პრიზები და ის საქართველოს ოსკარზეც წარადგენს. ქართული პრემიერა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, 2 დეკემბერს შედგა, თუმცა ნამუშევარმა არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა.

რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, რომლის ფილმმაც "სხვისი სახლი" წელს ფესტივალის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა 03.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, რომლის ფილმმაც “სხვისი სახლი” წელს ფესტივალის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა 03.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

რეჟისორი დიტო ცინცაძე ფილმს დადებითად აფასებს და განსაკუთრებით ფილმის განსახვავბულ ატმოსფეროსა და ახალი სამყაროს შექმნის მცდელობას იწონებს. თუმცა კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია ფილმის თემატიკას მოძველებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის იდეისგან დაცლილია:

“ეს იყო, უბრალოდ, იდეისგან დაცლილი სანახაობა. ძალიან კარგი ოპერატორი ჰყავდა ფილმს, თუმცა ზედმეტი იყო კომპიუტერულად გენერირებული ჩიტები, რომლებიც ამატებდნენ მისტიკურობას, რომელიც რეჟისორმა ტარკოვსკისთან ნახა, მაგრამ ამ კონკრეტულ ფილმში მასთან და ბერგმანთან პარალელის გავლების არანაირი აუცილებლობა არ იყო. ფილმი რომ დამთავრდა, არც აფხაზეთის მიმართ გიჩნდება სენტიმენტები და არც პერსონაჟები გეუბნებიან რაიმე ახალს,” – ამბობს ბაჩო ოდიშარია.

ფილმისათვის გადაცემული ჯილდო მოულოდნელი აღმოჩნდა კინომცოდნე და კინოკრიტიკოსთა კონკურსის მონაწილე კოკა ესაიაშვილისათვისაც.

“ზედმეტად კომიკურია ალბათ ამ ფილმის გამარჯვება, მაშინ, როდესაც კინოცენტრის დირექტორი ასრულებს მთავარ როლს და არის ფილმის პროდიუსერი. ისევ 1990-იან წლებს ვერ გასცდნენ ქართველი რეჟისორები. დღეს ეს თემა აღარც აქტუალურია და აღარც საინტერესო. მით უმეტეს, რომ ამ ფილმში იყო მცდელობა, რომ ეს კონფლიქტი არაქართული მხრიდან დაგვენახა, თუმცა ზედმეტად ზედაპირული იყო ყველაფერი,” – ამბობს  ესაიაშვილი.

საერთაშორისო კონკურსში 10 მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, ნინო ბასილიას “ანას ცხოვრება”; მირჟანა კარანოვიჩის “კარგი ცოლი” და მორგან სიმონის “მელნის გემო”.

საერთაშორისო კონკურსის ფილმებს აფასებნენ ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით.-ჟიურის თავმჯდომარე ალექსანდრა სტიუარტი, იტალიელი რეჟისორი დავიდე ფერარიო, გერმანელი პროდიუსერი პეტერ რომელი, შვედი კინომცოდნე ევა გეიერსტამი და ქართველი კინოპროდიუსერი გია ბაზღაძე.

ფესტივალზე ასევე გამოვლინდა ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საუკეთესო ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ჟიურის მუდმივ წევრებთან, გერმანელ კინომცოდნე ერიკა და ულრიხ გრეგორებთან ერთად წელს ქართულ ფილმები შეაფასეს ამერიკელმა კინომცოდნეებმა, ლიზა ნესელსონმა და გლენ მირენმა.

რეზო ესაძეს წლვეანდელ ფესტივალზე უკვე მეორე პრომეთე გადაეცა, ამჯერად საუკეთესო ქართული ფილმისათვის 03.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

რეზო ესაძეს წლვეანდელ ფესტივალზე უკვე მეორე პრომეთე გადაეცა, ამჯერად საუკეთესო ქართული ფილმისათვის 03.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებიდან ჟიურიმ რეზო ესაძის “თვე, როგორც ერთი დღე” გამოარჩია. დოკუმენტური ფილმებიდან კი, ხათუნა ხუნდაძის “ჩვენი წელთაღრიცხვით 2015”. ამ კატეგორიაში ჟიურის აღნიშვნა დაიმსახურა ასევე სალომე ჯაშის ფილმმა “დაისის მიზიდულობა”. მოკლემეტრჟიანი მხატვრული ფილმებიდან გიორგი თორდიას “დაკარგული სოფელი” დააჯილდოეს.

2016 წელი პოლიტიკის, პოლიტიკოსების და არჩევნების წელი იყო. შესაბამისად, ფესტივალის მთავარი თემაც პოლიტიკა იყო. ჟიურიმ ასევე შეაფასა სტუდენტები, რომლებმაც ამ სექციაში ნაჩვენები ფილმების შესახებ კრიტიკული მასალა მოამზადეს. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელი ბერლინის კინოფესტივალზე გაემგზავრება, ხოლო მეორე და მესამე ადგილოსნების სწავლის საფასურს კინოცენტრი დაფარავს.

ფიჩინგის პროექტებში გამარჯვებული რამდენიმე პროექტი დაფინანსებას მიიღებს. 03.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

ფიჩინგში გამარჯვებული რამდენიმე პროექტი დაფინანსებას მიიღებს. 03.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

ფესტივალის “ინდუსტრიული დღეების” ფარგლებში შეირჩა რამდენიმე პროექტი, რომლებმაც დაფინანსება მოიპოვეს. საუკეთესო ქართული კინოპროექტისთვის 5000 და 3000 ლარი “ქართული ფილმის განვითარების ფონდმა” დააწესა. დაჯილდოების ცერემონიაზე ახალგაზრდა კინოხელოვანები აღნიშნავდნენ, რომ ფინანსური რესურსების ნაკლებობა დღეს ყველაზე მეტად აფერხებს ქართულ კინოინდუსტრიას. ისინი მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ უფრო მეტად დაეხმაროს ინდუსტრიას განვითარებაში.

“იმ ფონზე, როდესაც ქართული კინო უკვე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო კინოინდუსტრიაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსება ამ მხრივ გაიზარდოს. მაგალითისთვის გეტყვით, ქართული დოკუმენტური კინოწარმოებისთვის გამოყოფილი თანხა კინოცენტრის მიერ არის იმდენი, რაც შეიძლება ღირდეს ერთი საშუალობიუჯეტიანი დოკუმენტური კინო,” – ამბობს სალომე ჯაში.

წლევანდელი ფესტივალის ოფიციალური ნაწილი უკვე დასრულდა, თუმცა ფილმის ჩვენებები გრძელდება. 4 დეკემბერს კენ ლოუჩის “მე, დანიელ ბლეიკსა” და  ქრისტიან მუნჯიუს “ბოლო ზარს” უჩვენებენ. ამით კინოფესტივალი მაყურებელს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი