ახალი ამბები

“გორგიაში” ავეჯის მაღაზია “იკეას” შოურუმი გაიხსნა

3 დეკემბერი, 2016 • 11824
“გორგიაში” ავეჯის მაღაზია “იკეას” შოურუმი გაიხსნა

დღეს, 6 დეკემბერს, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ “გორგიას” გარე კომუნიკაციების მენეჯერმა, რომელმაც 3 დეკემბერს დაგვიდასტურა, რომ ჰიპერმარკეტის შენობაში “იკეას” მაღაზია გაიხსნა, უარყო ეს ინფორმაცია. მისი თქმით, “გორგიაში” უბრალოდ “იკეას” შოურუმია გახსნილი და არა მაღაზია.

“გორგიას აქვს შოურუმები თითქმის ყველა ევროპული ბრენდის, მათ შორის არის “იკეაც”. მოგეხსენებათ, რომ “იკეა” მსოფლიოში ცნობილი ბრენდია. აქედან გამომდინარე, ჩვენთანაც არის ამ ბრენდის შოურუმი, სადაც წარმოდგენილია მათი ნივთები. ის არ განსხვავდება სხვა ბრენდების შოურუმებისგან, რომლებსაც “იკეაზე” ბევრად უფრო პრემიუმ–კლასის პროდუქცია აქვს. მთავარი პრინციპი არის ის, რომ შეგიძლიათ მიხვიდეთ, შეარჩიოთ კატალოგში, გამოწეროთ და შემდეგ ეს ნივთი ჩამოგივათ უმოკლეს დროში. ნივთი რომ არ იქნება დაზიანებული, ნივთი რომ ჩამოვა გამართული და ჩამოვა დროულად, ამ ყველაფერს უზრუნველყოფს გორგია, ხოლო მომხმარებელი იქნება მშვიდად და დაელოდება სასურველ ნივთს. თუ მას უბრალოდ მოსწონს შოურუმში არსებული ნივთები, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ შოურუმში ნაკლებად არის ნივთები წარმოდგენილი იმიტომ, რომ ის უფრო საჩვენებელია. აქედან გამომდინარე, შოურუმში წარმოდგენილი ნივთებიც შეუძლიათ შეიძინონ. უბრალოდ, უფრო მოსახერხებელია მომხმარებლისთვის, რომ როდესაც რემონტს აკეთებს, ყველა თადარიგს იჭერს წინასწარ. მაგალითად, ერთი თვით ადრე იწყებენ მომზადებას ახალ ბინაში გადასასვლელად, გორგია ამ პერიოდში უზრუნველყოფს მათთვის სასურველი პროდუქციის ჩამოტანას,” – განაცხადა “გორგიას” საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნოდარ ჯავახიშვილმა.

ჯავახიშვილის თქმით, ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების არაერთ დიდი შოურუმი, ხოლო “იკეა” მათთვის არ არის პრემიუმ კლასი და ჩვეულებრივი ხაზია, რომელიც შოურუმიც არის “გორგიას” შენობაში გახსნილი.

შენიშვნა: თავდაპირველად მასალაში არაზუსტად ეწერა, რომ თბილისში კომპანია “იკეას” მაღაზია ჰიპერმარკეტ “გორგიას” შენობაში 1 დეკემბრიდან ფუნქციონირებს. “გორგიაში” ახლა გვეუბნებიან, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა 3 დეკემბერს კომპანიის გარე კომუნიკაციების მენეჯერმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ “იკეას” მაღაზია გაიხსნა ჰიპერმარკეტის შენობაში. ასევე, როგორც მენეჯერმა განაცხადა, ისინი დამატებით პროდუქციის ჩამოსვლას ელოდებოდნენ, ხოლო გახსნის ოფიციალური ცერემონია დეკემბერში იქნებოდა. მოგვიანებით “ნეტგაზეთთან” საუბრისას კი მან თქვა, რომ “გორგიაში” უბრალოდ “იკეას” შოურუმი გაიხსნა.

ნეტგაზეთმა “იკეაში” ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ სამსახურს 3 დეკემბერსვე გაუგზავნა კითხვა იმის შესახებ, ადასტურებდა თუ არა კომპანია საქართველოში მაღაზიის გახსნას. როგორც მათ ვებ–გვერდზე წერია, კომპანია 3–5 დღის ვადაში გასცემს პასუხებს. ინფორმაციას მიღებისთანავე ამავე მასალაში შემოგთავაზებთ. კომპანიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც “იკეას” მაღაზიაა გახსნილი, საქართველო არ არის აღნიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი