ახალი ამბებიკომენტარი

ენმ-ში ძალიან გაუჭირდებათ ერთიანობის შენარჩუნება- ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

2 დეკემბერი, 2016 • 4653
ენმ-ში ძალიან გაუჭირდებათ ერთიანობის შენარჩუნება- ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

“თუ  ენმ  გაიყოფა, ხელისუფლებისთვის ეს ნიშნავს მეტ კომფორტს, მაგრამ ეს ამავე დროს არის გამოწვევა პოლიტიკური სპექტრისთვის, რადგან ენმ-ის სავარაუდო გაყოფის შემდეგ რეალურად დაიწყება პარტიული გადაჯგუფებები პოლიტიკურ ველში. ძალიან ბევრი პატარ-პატარა ჯგუფია დღეს პოლიტიკურ სპექტრში, რომლებიც მიმოფანტული არიან და გაურკვევლობაში თუ იდენტობის კრიზისში იმყოფებიან. ალბათ, დაიწყება ახალი გადაჯგუფებები, რომელიც სხვა ტიპის კოალიციებს, ახალ მოძრაობებს ჩაუყრის საფუძველს”, –  ამბობს “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში  პოლიტოლოგი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია, რომელსაც ენმ-ში მიმდინარე მოვლენებზე და მის შესაძლო დაშლაზე ვესაუბრეთ.

ბატონო კორნელი, ალბათ გასაანაზილებლად ცოტა რთული საკითხია, რადგან ენმ-ში პროცესი ურთიერთბრალდებების და მათი უარყოფის ფონზე მიმდინარეობს: ერთნი ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს მიხეილ სააკაშვილთან გამიჯვნა სურდათ და ამის უფლებას არ მისცემდნენ, მეორენი ამბობდნენ, რომ მათ არა სააკაშვილთან გამიჯვნა, არამედ პარტიის განვითარება უნდოდათ. ჯერ ეს პროცესი დასრულებული არ არის, თუმცა ერთი შეხედვით მოიგო იმ ფლანგმა, რომელიც ამ კონკრეტულ პროცესში მიხეილ სააკაშვილთან არის აფილირებული. რა მოხდა ენმ-ში თქვენი აზრით?

ჩემი აზრით, ნაციონალურ მოძრაობაში თვითგამორკვევისა  და თვითიდენტიფიკაციის პროცესი იწყება. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ პარტია გარდამავალ პერიოდშია, რომელიც, პრინციპში, 2012 წლის არჩევნების შემდეგდ დაიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ენმ-ის ლიდერები ერთგვარი ლოდინის რეჟიმში იმყოფებობდნენ გამომდინარე იქიდან, რომ გაურკვეველი იყოს სააკაშვილის სტატუსი  და მისი  მიზნები უკრაინასა თუ საქართველოში.  თუმცა 2016 წლის არჩევნების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა პარტიის შიგნით არსებულ  სხვადასხვა ჯგუფს (რომლებიც მანამდეც ჩანდნენ ენმ-ის შიგნით) გარკვეული მოქმედებებისაკენ უბიძგა.

მათ დაინახეს, რომ იმ სახით, რა სახითაც დღეს ენმ არსებობს, ანუ მოქმედი სტატუსკვო, ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია, მათ შორის შიდა ჯგუფებშიც. თავიდან ამბობდნენ, რომ ჯგუფებს შორის აზრთა სხვადასხვაობები არცთუ ისე ფუნდამენტურ საკითხებზე იყო (პარლამენტის ბოიკოტი, მეორე ტურები), თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და სინამდვილეში შესაძლოა საქმე გვქონდეს უფრო ღრმა დაპირისპირებასთან, რომელიც უფრო მნიშვნელოვან საკითხებს ეხება: პარტიის მომავალი, ლიდერშიპი, ლიდერი, რაც კონკრეტულად თავმჯდომარის საკითხით გამოიკვეთა.

ამ ეტაპზე გამოიკვეთა ორი ჯგუფი, რომელთაგან ერთი სააკაშვილის როლის შენარჩუნებას ცდილობს ნებისმიერ ფასად, ანუ რაც არ უნდა თქვას და გააკეთოს სააკაშვილმა, ის რჩება ლიდერად ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. მეორე ჯგუფი, ჩემი აზრით, უფრო პრაგმატულია. ისინი გაერთიანებული არიან ბაქრაძის გარშემო და ცდილობენ, რომ ინსტიტუციონალური ხედვა წამოწიონ. მე შიდა პარტიული კონიუნქტურის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ვფიქრობ, არსებობს რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ორივე მხარე იყენებდეს ამ მიზნებს შიდაპარტიული თუ პირადი ინტერესებისთვის. ცხადია, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან გარკვეული ჯგუფები და პერსონები და, ბუნებრივია, რომ  ყველა მათგანს აქვს გარკვეული ინტერესები.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა გამოიწვია ძალიან სერიოზული დაპირისპირება და ახლა დროის საკითხია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. გამორიცხული არ არის, რომ ახლო მომავალში პარტიაში ფრაგმენტაციის პროცესი გაგრძელდეს. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ჯგუფებს ენმ-ის დატოვება და სხვა პარტიის შექმნა მოუწიოთ.

ბოკერია, ბაქრაძე, ამ ჯგუფს გულისხმობთ?

დიახ. ამ ჯგუფს შეიძლება [პარტიის] საკმაოდ დიდი ნაწილი გაჰყვეს, როგორ თუნდაც იმ კომენტარებიდან ჩანს, რომელიც სოციალურ ქსელებსა თუ პრესაში ჩანს. ეს იქნება საკმაოდ მტკივენული პროცესი, რადგან ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პლუსი და სიძლიერე სწორედ ის იყო, რომ მიუხედავად მეტ-ნაკლებად ერთი იდეოლოგიის ქონისა, ის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს აერთიანებდა. ანუ სხვადასხვა შეხედულებების მქონე ამომრჩევლები ჰყავდა: ზომიერი კონსერავატორები, ლიბერალები… მათი ერთგვარი კონგლომერატი იყო, ფაქტობრივად. თვითონ ამ პარტიის ჩამოყალიბებასაც თუ გავიხსენებთ, ეს იყო ზურაბ ჟვანიას გუნდის ნაწილისა და ნაციონალური მოძრაობის გაერთიანება. შესაბამისად, საუბარია კონსენსუსზე დაფუძნებულ კოალიციურ პოლიტიკურ ჯგუფზე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში. ახლა თუ ფრაგმენტაციის პროცესი წავიდა, ეს გავლენას მოახდენს ენმ-ში არსებულ იმ ჯგუფებზე, რომელთაც ელექტორალური  ბმა აქვთ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან. ამან შეიძლება პარტია დაასუსტოს.

ჩემი აზრით, ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც პოლიტიკაში ენმ-ის სახელით დარჩება, მხოლოდ ერთი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება და მას, ბუნებრივია, ვეღარ ექნება ისეთი გავლენა, როგორიც დღევანდელ პარტიას აქვს. მგონია, რომ ეს ყველა ჯგუფმა იცის, თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ვნახავთ.

აქ პრობლემაა ის, რომ სააკაშვილის გარეშე პარტიის ცხოვრება თითქოს აუცილებელი ჩანს. თუ გადავხედავთ ევროპული ტიპის პარტიებს, იქაც ჰყავდათ ქარიზმატული ლიდერები, მაგრამ ცხოვრება თავისას მოითხოვს, ადამიანი 10 წელი დომინირებდა ქართულ პოლიტიკაში. სხვა ძალიან ბევრ ადამიანსაც აქვს  ჯანსაღი თუ არაჯანსაღი ამბიციები. გარკვეული იერარქია ყველა პარტიაში უნდა არსებობდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვიღაცის შემდეგ სხვისი დრო მოდის და შეუცვლელი არავინაა. როგორც ჩანს, ეს პრინციპი ამ ეტაპზე ირღვევა  და მიუხედავად იმ მოლოდინისა, რომელიც ბევრს ჰქონდა სააკაშვილის მიმართ, მგონია, რომ ის, ცოტა არ იყოს, პროცესს ალღოს ვერ უღებს და მაინც ცდილობს, რომ პარტია არ დათმოს, თვითონ იყოს ლიდერი იმის იმედად, რომ უახლოეს ხანში საზოგადოებრივი აზრი მის სასარგებლოდ შეიცვლება. დღეს ის ისედაც უკრაინაშია, მომავალი წლებიც იქ იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ელოდება სხვა სცენარებს და მოვლენების ისეთ განვითარებას, სადაც ის შეიძლება კიდევ გახდეს საჭირო ქართული პოლიტიკისთვის, მაგრამ მე მგონია, რომ ამის შანსი ნაკლებია.

მეორე მხრივ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სხვა ჯგუფებს ექნებათ დასამტკიცებელი, თუ რას წარმოადგენენ ისინი სააკაშვილის გარეშე, რომელსაც ელექტორატის მობილიზების დიდი უნარი აქვს. ვფიქრობ, რომ მათაც ჰყავთ ამომრჩველები, ამიტომ მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება ეს ყველა დაპირისპირებული ჯგუფისთვის.

ოპტიმალურ გამოსავალს თუ ხედავთ ენმ-სთვის შექმნილი სიტუაციიდან?

ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, მე მგონი, არ ჩანს. ასეთი რომ ყოფილიყო, ალბათ, თვითონაც გამოძებნიდნენ.

შორიდან, ერთი დამკვირვებლის თვალით რაც ჩანს, ალბათ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ სააკაშვილს დარჩეს რაღაც საპატიო ფუქნციები, ისე, როგორც თავის დროზე ძალიან ბევრი ევროპული პარტიის ლიდერს და პირდაპირ არ ჰქონოდეს გავლენა გადაწყვეტილებებზე (ზოგადი გავლენა მას, ცხადია, ყოველთვის ექნება). ანუ მასზე არ უნდა იყოს დამოკიდებული მთელი პარტიის გადაწყვეტილებები… ასევე ის, რომ პარტიაში უნდა მომხდარიყო განახლება და ახალი ლიდერები წამოსულიყვნენ წინ, რომელიც საკმაოდ ბევრი ჰყავთ, წამოვიდეს შემდეგი ლიდერი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს, თუ ის წააგებს, შემდეგ სხვა და ა.შ. ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებში ხდება, როცა შეუცვლელი არავინაა, მიუხედავად იმ დამსახურებებისა, რომელიც ერთ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.

ეს არა მხოლოდ ენმ-სთვის, არამედ მთელი  ქართული პოლიტიკური კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე განვითარდეს პოლიტიკური პარტიების მომავალი და ეს კარგი მაგალითი იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მიუხედავად რიტორიკისა, რომ ევროპულ პოლიტიკასთან ახლოს ვართ, მაინც ვერ ვცილდებით მოჯადოებულ წრეს, ისევ ვბრუნდებით იმ პოსტსაბჭოთა სინდრომისკენ, როდესაც ესა თუ ის ლიდერი ვერ ძლევს ძალაუფლების ცდუნებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება საბედისწეროც კი აღმოჩნდეს პოლიტიკური პარტიისთვის. ცოტა სხვა კონტექსტში ზუსტად იგივე დაემართა ედუარდ შევარდნაძეს, როდესაც მან მესამედაც იყარა კენჭი, რაც  მგონია, რომ ცოტა ნამეტანი იყო. მას კენჭი რომ არ ეყარა, ისე ცუდად არ დაამთავრებდა თავის პოლიტიკურ ბიოგრაფიას. დიდი ლიდერები ფასდებიან იმის მიხედვით, გრძნობენ თუ არა იმას, როდის არის პოლიტიკდან წასვლის დრო, მიუხედავად დამსახურებისა თუ ასაკისა. ყველაზე დიდი ლიდერები სწორედ ასე რჩებიან ისტორიაში, როცა დროულად ტოვებენ პოლიტიკას. მთავარია ის იდეები, რომლის გამოც შენ, როგორც ლიდერი, იბრძვი და ამას უნდა დაუჭირო მხარი, მაგრამ აუცილებელი არ არის, კონკრეტულად შენ აკეთო ეს [პარტიის ლიდერის პოზიციიდან] მუდმივად. ამის გაგება ჩვენ ცოტა გვიჭირს. ეს მარტო ერთ პარტიას არ ეხება.

თუმცა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების არგუმენტი შეიძლება იყოს ძალიან პრაგმატული და ელექტორალური, რომ პირადად მას დღემდე ჰყავს ამომრჩევლები და რატომ უნდა გადგეს გვერდით?

კი, მაგრამ მას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. ენმ-ში ამ მეორე ჯგუფის ცდუნება სწორედ ამაში მდგომარეობს: მათ ესმით, რომ სააკაშვილს მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, რისი ამბიციაც ორივე ჯგუფს აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ ახალი მხარდამჭერებს ვერ მოიზიდავენ  იმ სტატუს-კვოს პირობებში, სადაც ისევ სააკაშვილი იქნება ლიდერი. მეორე ჯგუფი ცდილობს, რომ სწორედ ამაზე გააკეთოს გათვლა. თუმცა, ცხადია, ზუსტად არავინ არაფერი იცის და ეს არის გარკვეული რისკი, მეტიც, საკმაოდ რისკიანი ნაბიჯია, მაგრამ სიმართლის მარცვალი არსებობს. ბოლო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ენმ-მ ოდნავ გაიუმჯობესა რეიტინგი, მაგრამ არასაკამარისად იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, რისი ამბიციაც აქვს. ანუ ტაქტიკურ საკითხში ვერ თანხმდებიან, რადგან სხვადასხვანირად ხედავენ მომავალს.

თქვენი აზრით მოახერხებენ ერთიანობის შენარჩუნებას, თუ უკვე გადაკვეთეს წითელი ხაზები პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა?

ტემპერატურამ უკვე იმ დონზე აიწია, რომ ძალიან გაუჭირდებათ ერთიანობის შენარჩუნება. მართალია, ორივე მხარე ცდილობს მეტ-ნაკლებად კორექტულობის ფარგლებში დარჩეს,  მაგრამ აქ უკვე მხარდაჭერების ემოციები შემოდის… რეალურად მიდის შიდაპარტიული ბრძოლა: პიროვნულიც და იდეოლოგიურიც, რამაც პარტიას დაღი უკვე დაასვა. ჩანს, რომ ლიდერები ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად ამ ურთიერთბრალდებების პირობებში.

თქვენ მანამდე თქვით, რომ ენმ-ის გაყოფა პარტიას ძალიან დაასუსტებს, როგორ აისახება ეს ყველაფერი მთლიანად ქართულ პოლიტიკაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, მხოლოდ ერთი მძლავარი ოპოზიციური პარტიაღაა დარჩენილი ხელისუფლების დასაბალანსებლად?

ხელისუფლებისთვის ეს ნიშნავს, რომ მას უფრო მეტი კომფორტი ექნება, მაგრამ ეს ამავე დროს არის გამოწვევა პოლიტიკური სპექტრისთვის, რადგან ენმ-ის სავარაუდო გაყოფის შემდეგ რეალურად დაიწყება პარტიული გადაჯგუფებები პოლიტიკურ ველში. ძალიან ბევრი პატარ-პატარა ჯგუფია დღეს პოლიტიკურ სპექტრში, რომლებიც მიმოფანტული არიან და გაურკვევლობაში თუ იდენტობის კრიზისში იმყოფებიან. ალბათ დაიწყება ახალი გადაჯგუფებები, რომელიც სხვა ტიპის კოალიციებს, ახალ მოძრაობებს ჩაუყრის საფუძველს. ეს დროის საკითხია. ვაკუუმი ყოველთვის ივსება და ეს ასე არ დარჩება, მაგრამ [ენმ-ის გაყოფა] გარკვეული პერიოდი ხელისუფლებისთვის კომფორტული რომ იქნება, ეს ფაქტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი