ახალი ამბები

ვეტერანებმა ‘ქართულ ოცნებას’ მხარდაჭერა გამოუცხადეს

18 სექტემბერი, 2012 • 1269
ვეტერანებმა ‘ქართულ ოცნებას’ მხარდაჭერა გამოუცხადეს

“ჩევნ, აფახაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერანები ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ კოალიცია “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს,  ჩევნ გვჯერა მისი, დარწმუნებულები ვართ, რომ შეუძლია სქართველოს გადარჩენა, ვეტერანებისთვის, დევნილებისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის წართმეული უფლებების აღდგენა. ხალხისა და ქვეყნის გაერთიანება. მოვუწოდებთ ყველას, გვერდში დავუდგეთ ქართულ ძალას და ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება,”- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

ვეტერანები თბილისში, კინოს სახლში შეიკრიბნენ. 27 სექტემბერს კი უფრო მასშტაბურ შეკრებას და მსვლელობას გეგმავენ.  

 

ვეტერანების განცხადებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ მათი ყოფა გაუსაძლისი გახადა, რის გამოც ისინი აპირებენ ყველას მოუწოდონ ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ.

ვეტერანებმა დღეს სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება ხალხის დაპირისპირებას ცდილობს, რასაც ვეტერანები ეწინააღმდეგებიან:

“ჩვენი აღშფოთების მთავარი საგანი გახდა ის, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გახლიჩოს ერი, დაუპირისპიროს მოსახლეობა ერთმანეთს, დათესოს სიძულვილი და შუღლი. მივმართავთ ოპოზიციურ პარტიებს და “ქართულ ოცნებას” – ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დაიცვათ საარჩევნო ხმები, ჩვენი არჩევანი. სამართლიანობის დადგენამდე ბოლომდე იდექით საქართველოს გვერდით. საქართველოს ხელისუფლებას – დროზე მოეგეთ გონს, ჯერ კიდევ დარჩა პროცესების მშვიდობიანად, სამართლიანად წარმართვის რესურსი, ნუ წახვალთ ხალხის არჩევანის წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის დავით გულუას განცხადებით, ვეტერანები ამ გადაწყვეტილებამდე ხელისუფლების მიერ გატარებულმა ანტისახალხო პოლიტიკამ მიიყვანა:

“მიბრძანდით ვეტერანთა საავადმყოფოში და ნახავთ, როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენზე, ეს ძალიან კარგი გამოხატულებაა იმ ყველაფრისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. იქ ჯანმრთელი ადამიანიც რომ მიიყვანო, დაავადდება. დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩვენი ყოფა გაუსაძლისი გახადა და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს”, – განაცხადა დავით გულუამ. მისი თქმით, ვეტერანთა კავშირის წევრებს ჰქონდათ შეხვედრა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან და მისგან კონკრეტული დაპირებები მიიღეს:

“ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ პირველ რიგში ჩვენი უფლებები აღდგება, სოციალური პრობლემებიც მოგვარდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. ჩვენ მოვუწოდებთ ვეტერანებს, რომლებიც მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში, რომ შემოგვიერთდნენ”, – განაცხადა დავით გულუამ.

ვეტერანები 27 სექტემბერს, 2 საათზე, გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი ვერის ბაღის მიმართულებით, კალათბურთის დარბაზისკენ მოაწყობენ მსვლელობას. ვეტერანების განცხაებით, 27 სექტემბერს მათ დევნილებიც შეუერთდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი