ახალი ამბები

მოხეში მუსლიმმა თემმა კვლავ ღია ცის ქვეშ, სადავო ნაგებობასთან ილოცა [ფოტო/ვიდეო]

2 დეკემბერი, 2016 • 4068
მოხეში მუსლიმმა თემმა კვლავ ღია ცის ქვეშ, სადავო ნაგებობასთან ილოცა [ფოტო/ვიდეო]

სოფელ მოხეში მუსლიმმა თემმა დღეს, 2 დეკემბერს, გასული პარასკევის მსგავსად, კვლავ ღია ცის ქვეშ ილოცა. მიუხედავად იმისა, რომ 1 დეკემბერს, მოხის კომისიის გადაწყვეტილებით, მათ ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ადგილი შესთავაზეს, ისინი სახელმწიფო მოუწოდებენ, რომ სადავო შენობის ბედი სამართლიანად გადაწყვიტონ.

ვიდეო, თუ როგორ ლოცულობენ მუსლიმი თემის წარმომადგენლები თოვაში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გაავრცელა.

მოხის კომისიის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სადავო ნაგებობა, რომელზეც პრეტენზია აქვს როგორც მუსლიმ, ასევე ქრისტიან მრევლს, არც ერთ მხარეს არ გადაეცემა და კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა.

1 დეკემბერს მოხის კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოხის მუსლიმ თემს მეჩეთის ასაშენებლად კონკრეტულ ადგილებს შესთავაზებდნენ. ამ განცხადების გასაჯაროების შემდეგ მუსლიმი თემის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, თამაზ ბერიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩებოდა, კერძოდ, სრულ უნდობლობას უცხადებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და მოხის კომისიას, ასევე, სახელმწიფოსგან კვლავ მოითხოვენ სადავო ნაგებობის ბედის სამართლიანად გადაწყვეტას.

“ჩვენ უნდობლობა გამოვუცხადეთ და მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა… მშენებლობას არავინ შეეწინააღმდეგება, მაგრამ ვის აუშენებენ, გააჩნია. ოთხ დანგრეულ კედელს რომ არ გვაძლევენ, ვინ ააშენებს ახალ მეჩეთს? ეს ხომ ტყუილია, ყველამ ვიცით. რომც აშენდეს, ამ შენობის ბედი უნდა გადაწყდეს. ლოცვის პრობლემის მოგვარებით ამ შენობის ბედი ჩვენთვის ისევ მტკივნეული და ყოველთვის საინტერესო იქნება… ამ ეტაპზე ლოცვის პრობლემის მოხსნა ჩვენ არავისთვის გვითხოვია,”- განაცხადა ნეტგაზეთთან თამაზ ბერიძემ.

25 ნოემბერს გავრცელებულ საჯარო განცხადებაში მოხის მუსლიმა თემმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა დათანხმდნენ მოხის კომისიის ჩამოყალიბებას. მათვე განცხადებით, კომისიის წვრებად უნდა შერჩეულიყვნენ მოხის მუსლიმი თემის და მეზობელი ქრისტიანების ოთხ-ოთხი წარმომადგენელი, ასევე, სახალხო დამცველისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებიც. მათივე თქმით, რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ კომისია დააკომპლექტა არა ამ შეთანხმების შესაბამისად, არამედ ისე, როგორც მისთვის იყო სასურველი.

“ამ პოლიტიკით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თემის და სამუფთო სამმართველოს გაუცხოებას უწყობს ხელს და უფსკრულს აჩენს ჩვენს შორის. ამ ფონზე შექმნილი კომისია შეუდგა საქმეს და ორი წლის ლოდინის შემდეგ არანაირი შედეგი არ ჩანს,”- აღნიშნულია განცხადებაში.


ფაქტები მოხის სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით:

[checklist]

  • ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში  ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობა 1975-80 წლებში დასახლდა.  შენობაზე, რომლის დაბრუნებასაც მუსლიმები ითხოვენ, ამბობენ, რომ მეჩეთი სოფელ მოხეში 1927-34 წლებში მესხმა მუსლიმებმა ააშენეს. 1957 წლიდან შენობას კლუბის სტატუსი აქვს. საბჭოთა კავშირის დროს ის დიდი ხნის განმავლობაში  საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად გამოიყენებოდა. 2007 წლიდან დღემდე კი შენობა  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.
  • მუსლიმმა თემმა ყოფილი მეჩეთის შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათ თხოვნას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
  • ვითარება მოხეში 2014 წელს დაიძაბა: 27 მაისს სოფელ მოხეს მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.  8 ივლისს კი მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძისგან მიიღო წერილი (#1019), სადაც იგი აღნიშნავს, რომ სადავო ქონება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანომ მხოლოდ საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება გამოიყენოს.
  • 2014 წლის 18 ოქტომბერს სოფელში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები მივიდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს, რაც ადგილობრივმა მუსლიმებმა გააპროტესტეს.  მშენებლებმა სოფელი მაშინვე დატოვეს, რასაც ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოფლის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანები ამბობდნენ, რომ შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემასა და ამ ადგილას  მუსლიმური საკულტო ნაგებობის აშენებას არ დაუშვებდნენ.
  • სადავო შენობაზე პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს. ამის შესახებ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადებით,  XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი, სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო.
  • 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში მშენებლებმა მეჩეთის დემონტაჟი განაახლეს. მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ და რეპრესიულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უხეშად დაარღვია მუსლიმთა უფლებები.
  • ინციდენტის დროს სოფელ მოხეში პოლიციამ 14 პირი დააკავა:  23 ოქტომბერს სასამართლომ სამი მუსლიმი – თეიმურაზ მიქელაზე, ოთარ მიქელაძე და მალხაზ ბერიძე ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა (თუმცა გამოძიება გააგრძელა), ხოლო 11 დაკავებული სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 250 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
  • 2014 წელს რელიგიის სააგენტოსთან შეიქმნა კომისია, რომელსაც სადავო შენობის საკითხი უნდა შეესწავლა.
  • 2016 წლის 3 ნოემბერს  კომისიამ გადაწყვიტა, რომ სადავო ნაგებობა არც მუსლიმებისა და არც მართლმადიებლების საკუთრებაში არ გადავიდოდა და ნაგებობა კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა.
  • 2016 წლის 1 დეკემბერს მოხის კომისიამ გადაწყვიტამ, რომ მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის ასაშენებლად მოხეში კონკრეტულ ადგილებს შესთავაზებდნენ.
  • კომისიის ამ გადაწყვეტილებების მიუხედავად, მოხის მუსლიმი თემი კვლავ მოითხოვს, რომ სახელმწიფომ სამართლიანად გადაწყვიტოს სადავო ნაგებობის ბედი. ისინი მოხის კომისიას და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სრულ უნდობლობას უცხადებენ.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი