ახალი ამბებიკინოხელოვნება

რეზო ესაძის საპატიო ჯილდო და ნინო ბასილიას ფილმის პრემიერა – TIFF 2016 გრძელდება

2 დეკემბერი, 2016 • 3118
რეზო ესაძის საპატიო ჯილდო და ნინო ბასილიას ფილმის პრემიერა – TIFF 2016 გრძელდება

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა კიდევ ერთი საპატიო ჯილდო გასცა. ამჯერად, ქართული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ოქროს პეომეთე რეჟისორსა და მსახიობს, რეზო ესაძეს გადაეცა.

სცენაზე ასვლის შემდეგ ესაძემ მადლობის ნიშნად მაყურებელს დაუჩოქა და ასე გამოხატა თავისი ემოციები. 82 წლის რეჟისორმა ფესტივალზე ახალი ფილმი “დღე, როგორც ერთი თვე” წარმოადგინა, რომლის პრემიერაც დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაიმართა.

რეზო ესაძემ ფესტივალის ორგანიზატორებს ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა. როგორც თავად ამბობს, ჭეშმარიტება, რომლის ძიებაც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა რეჟისორობა გადაწყვიტა, ჯერ არ უპოვია და ხელოვნებაში მის ძებნას კვლავაც აგრძელებს.

1 დეკემბერს ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართველი რეჟისორის, ნინო ბასილიას ახალი ფილმის “ანას ცხოვრება” პრემიერა. ბასილიას ფილმი ეროვნული კონკურსის მონაწილეა. ფილმის მსოფლიო პრემიერა შვედურ კინოფესტივალ Goteborg-ზე შედგა, სადაც ნომინაციაში “ინგმარ ბერგმანის საერთაშორისო ჯილდო წლის საუკეთესო დებიუტისათვის” იყო წარდგენილი.

ფილმი ახალგაზრდა ქალის ცხოვრებას ასახავს, რომელიც აუტისტური სპექტრის აშიშლილობის მქონე შვილის მოვლას ვერ ახერხებს. სანდრო ბავშვთა სახლში იზრდება, ანა კი რამდენიმე სამსახურში მუშაობს, თუმცა მატერიალურად ოჯახს ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ საცხოვრებლად აშშ-ში გადაწყვეტს წასვლას. ეს კი არც ისე მარტივი აღმოჩნდება, როგორც მას ჰგონია.

ფილმის ჩვენებას თავად ფილმის მთავარი გმირის, ანას როლის შემსრულებელი ეკა დემეტრაძეც ესწრებოდა. მსახიობის თქმით, ანას როლის მორგება რთული არ ყოფილა, რადგან ასეთი ისტორიების შესახებ საქართველოში ყველას სმენია და ყველა თაობის ადამიანს შეუძლია გაიზიაროს, რა სირთულეების წინაშე დგებიან სოციალურად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალები.

მსახიობი ეკა დემეტრაძე ნინო ბასილიას ახალ ფილმში "ანას ცხოვრება" მთავარ როლს ასრულებს. 01.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მსახიობი ეკა დემეტრაძე ნინო ბასილიას ახალ ფილმში “ანას ცხოვრება” მთავარ როლს ასრულებს. 01.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

2 დეკემბერს, 19:00 საათზე დაგეგმლია რუსუდან გლურჯიძის ფილმის “სხვისი სახლი” პრემიერა. სწორედ ეს ფილმი წარადგენს წელს საქართველოს ოსკარის დაჯილდოებაზე.

4 დეკემბრის ჩათვლით თბილისის რიგით მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე 115 ფილმს უჩვენებენ. ასევე გამოვლინდება გამარჯვებული ფილმი და რეჟისორი, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კონკურსებში. დაწვრილებითი ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი